Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ივანიშვილს: როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს?


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინაშე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებისას მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ვინაიდან, მისი თქმით, საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი „დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას“.

საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით ან ვინ რატომ მოგყავთ - ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?

რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის;

საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება, როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე- ჩინჩალაძეს მაშინ, როცა, ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებით, დამოუკიდებლობის შემდეგ ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ამ კონტექსტში ახსენა მან "სასამართლო კლანიც". მისი თქმით, მოსამართლეები "მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას“.

30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა. პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს, ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება.

  • საქართველოს სასამართლო სისტემას, საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, სრულად საზოგადოების მხოლოდ 5% ენდობა;
  • არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ სისტემას მართავს „სასამართლოს კლანი“, რომლის ერთ-ერთ ლიდერად ლევან მურუსიძეს ასახელებენ;
  • საქართველოს მთავარმა პარტნიორმა აშშ-მ 2023 წლის 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთი ყოფილ მოსამართლესა და მათ ოჯახებს. სანქცია დაუწესეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე).

XS
SM
MD
LG