Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე სამსახურს დატოვებს


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისი ცოლი ნატალია მოწონელიძე "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოში" მუშაობას შეწყვეტს. ამის შესახებ კობახიძემ მედიას პარლამენტში უთხრა.

"არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის ზომებს. თუმცა რომც არ ითვალისწინებდეს, მაინც გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესთა კონფლიქტი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დატოვებს თუ არა მისი ოჯახის წევრი თანამდებობას, კობახიძემ უპასუხა: "რა თქმა უნდა".

რადიო თავისუფლება 5 თებერვალს წერდა, რომ ირაკლი კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს სახელმწიფო უწყებას (სსიპ "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო"), რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. კობახიძე საქართველოს პრემიერობის კანდიდატია - პარლამენტში მისი კაბინეტის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს.

სააგენტო 2018 წლის 5 სექტემბერს შექმნა მთავრობამ. მაშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო. ამოქმედების დღიდან უწყება პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია - სწორედ ის ნიშნავს და ათავისუფლებს მის თავმჯდომარეებს.

ნატალია მოწონელიძე სააგენტოში 2019 წლის ივნისიდან მუშაობს თავმჯდომარის მოადგილედ, ნოემბერში კი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ამ დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა გიორგი გახარიას. მისი შეცვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას, ნატალია მოწონელიძე უწყების ხელმძღვანელად დაინიშნა.

"კანონმდებლობის მიხედვით აქვს გარკვეული ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა დაწეროს განცხადება", - უთხრეს 5 თებერვალს რადიო თავისუფლებას სააგენტოს ცხელ ხაზზე.

1 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა. მინისტრთა კაბინეტს მისი ხელმძღვანელობით პარლამენტი კენჭს 8 თებერვალს უყრის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG