Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან" - სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილზე


ფოტოკოლაჟი: სოზარ სუბარი და სალომე ზურაბიშვილი
ფოტოკოლაჟი: სოზარ სუბარი და სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომავლობა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ "ქართული ოცნება" კანდიდატის პოზიტიურად წარმოსაჩენად იყენებდა, ახლა საპარლამენტო უმრავლესობისთვის კრიტიკის საფუძველია. ზურაბიშვილის ბოლო საპრეზიდენტო მოხსენების მოსმენის შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა მასზე საუბრის დროს თქვა სიტყვები: "ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან", "ეს სამშობლო არ დაუტოვებიათ".

"[სიტყვები] არც ეროვნული თვითმყოფადობა, არც სახელმწიფო სუვერენიტეტი, არც ტერიტორიული მთლიანობა დღეს არ მოგვისმენია სალომე ზურაბიშვილისგან. იმიტომ, რომ არ სტკივა; იმიტომ, რომ ეს არ არის მისი ქვეყანა, ეს არ არის მისი სამშობლო. უბრალოდ, შეუძლებელია ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს და როდესაც ადამიანი ასეთი არჩევანის წინაშე დგება, ის, სამწუხაროდ, ერთ-ერთს ირჩევს და მან ეს არჩევანი გააკეთა...

ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან. ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და საქართველო აქ შეინარჩუნეს და არა პარიზში, გერმანიაში და სხვაგან. კიდევ ერთხელ პატივისცემა მათ, მაგრამ საქართველო აქ გადარჩა და აქ უნდა გადავარჩინოთ", - თქვა პრეზიდენტზე საუბრის დროს სოზარ სუბარმა.

მან პარლამენტის ტრიბუნიდან ისიც აღნიშნა, რომ შეცდომა იყო, როცა საქართველოს მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის გამაერთიანებლად წარმოუჩენდნენ:

"ჩვენ შეცდომა დავუშვით, ქართველ ხალხს ვუთხარით, რომ ეს ადამიანი იქნება გამაერთიანებელი ქვეყნის, ჩვენი დღევანდელობის და ქვეყნის იმ წარსულის, რომელიც ევროპაში გაიქცა ერთი საუკუნის წინ. გაიქცნენ, ჩვენ მათ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენს წინაპრებს ეს სამშობლო არ დაუტოვებიათ. ჩვენი წინაპრები აქ დარჩნენ, ბევრი მათგანი დაიხვრიტა, ბევრი მათგანი გაციმბირდა, ბევრმა მათგანმა იბრძოლა ქვეყნისთვის და ქართული კულტურა შექმნეს".

სოზარ სუბარი, "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად, ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში.

2018 წლის 9 ოქტომბერი: სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში მონაწილეობის დროს
2018 წლის 9 ოქტომბერი: სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში მონაწილეობის დროს

"სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის რჩება თავისი პრინციპების ერთგული. ეს პრინციპები შეიძლება იყოს დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, შეიძლება იყოს ზოგჯერ დაპირისპირებული ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ყოველთვის დგას ქვეყნის სამსახურში. არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ერთი წუთით ამ პრინციპისთვის ეღალატოს...

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ ასეთი ადამიანი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი? სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანი შეძლებს იმ ერთიანობის შეგრძნების შემოტანას ქართულ საზოგადოებაში, რაც ასე ძალიან გვაკლია და რაც ასე ძალიან გვიჭირს – კრიტიკული, როცა საჭიროა, მაგრამ ერთიანი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ყველანი ვხელმძღვანელობთ და რომლითაც ყველანი ვმოქმედებთ, როცა საქართველოს სჭირდება", – განაცხადა სოზარ სუბარმა 2018 წლის 9 ოქტომბერს.

საქართველოში სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური კარიერა 2004 წელს დაიწყო, როცა მოქმედმა პრეზიდენტმა ის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. ზურაბიშვილი საფრანგეთში 1921 წელს ემიგრირებულ ოჯახში დაიბადა.

შვილი: სალომე ზურაბიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 1:04:35 0:00

XS
SM
MD
LG