Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დიდთოვლობამ და ქარიშხალმა სერიოზული პრობლემები შექმნა. მოგლეჯილია ხეები, გაუწმენდავი გზების გამო გართულებულია გადაადგილება. ცხინვალის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ჩაწყვეტილია.

ადგილობრივმა ენერგეტიკოსებმა 7 დაზიანება აღმოაჩინეს, თუმცა მათი შეკეთება ჯერ ვერ ხერხდება.

ოსური მედიის ცნობით, სამშაბათს ოკუპირებული ცხინვალის სკოლები და ბაღები დახურეს. ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო გათბობის სისტემა გაითიშა. ცხინვალის რაიონის სოფლები მოწყვეტილია გარესამყაროს.

ცხინვალის რაიონის კომუნალური სამსახურის უფროსმა რადიონ ხუბეჟოვმა განაცხადა, რომ ახლა მთელი ტექნიკა გზების გასაწმენდად არის მობილიზებული.

„დაბლობ ადგილებში 50 სმ-მდე თოვლი მოვიდა, შორეულ, მაღალმთიან სოფლებში კი მეტრზე მეტი თოვლი იყო. დასახლებების დიდ უმრავლესობაში მოხვედრა შეუძლებელია. ჩვენი მთელი ტექნიკა ჩართულია გზების გამწმენდ სამუშაოებში. ახლა მუშაობენ დმენისის, სათიხრისა და ჯერისკენ. როგორც კი იქ დაასრულებენ, სხვა სოფლებისკენ წავლენ“, - აღნიშნა ხუბეჟოვმა.

პრობლემებია ოკუპირებული ახალგორის რაიონშიც. დიდთოვლობის გამო რაიონულ ცენტრს მოსწყდა რამდენიმე მაღალმთიანი სოფელი, განუცხადა სააგენტო „რესს“ რაიონის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ანჯელა კოკოევამ. მან აღნიშნა, რომ თოვლის საფარის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა.

„ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო ლენინგორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე მოძრაობა პარალიზებულია. გამგეობის ყველა არსებული კომუნალური ტექნიკა გამოვიდა სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად“, - განაცხადა კოკოევამ.

კოკოევამ დასძინა, რომ პრიორიტეტი ენიჭება ადმინისტრაციულ შენობებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გაწმენდას. ელექტროგადამცემ ხაზებზე მომხდარი ავარიის გამო ოკუპირებული ახალგორის სოფლების ნაწილი ასევე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

XS
SM
MD
LG