Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაშურის მერია: სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა, 40 ოჯახი საშიში ზონიდან გავიყვანეთ


მეწყერი სურამში. 7 თებერვალი, 2024 წელი
მეწყერი სურამში. 7 თებერვალი, 2024 წელი

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაბა სურამში მეწყრული პროცესები განვითარდა. მერიის ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 მოქალაქე სასტუმროში გადაიყვანეს, 40 ოჯახი კი საშიში ზონიდან გაიყვანეს.

"ოჯახები გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები", - აცხადებს ხაშურის მერია და მოუწოდებს მოსახლეობას, სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

მერია გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ღამით შეუძლებელი და საფრთხისშემცველია იმ ადგილზე მუშაობა, სადაც მეწყრული პროცესები დაიწყო.

"ხვალ დილიდანვე გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან მეწყრულ პროცესებს და კვალიფიციურად შეაფასებენ როგორც მომხდარს, ისე არსებულ რისკებს.

გეოლოგიური სამსახურის შეფასების შემდგომ კი შესაბამისი სახელმწიფო სამსახური მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად იმოქმედებს შემჭიდროებულ ვადებში".

7 თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში ოთხი სახლი მოყვა. მაშველებმა 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს, კიდევ ერთის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.

XS
SM
MD
LG