Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დრონებით შეუტია უკრაინის 4 რეგიონს


დრონით დარტყმის შედეგად დაზიანებული სახლები ნიკოლაევში
დრონით დარტყმის შედეგად დაზიანებული სახლები ნიკოლაევში

დღეს, 8 თებერვალს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მიიტანეს მორიგი შეტევა, რომელიც ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. დრონებით იერიში იყო ოდესის, ნიკოლაევის, ვინიცისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე.

ქალაქ ნიკოლაევის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი, საოფისე შენობები და კერძო საწარმო. მსხვერპლი არ არის. საცხოვრებელი კორპუსი და სასწავლო დაწესებულება დაზიანდა ოდესაში.

ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ხანძარი გაჩნდა ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ობიექტზე. რომელზე, დაკონკრეტებული არ არის. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არცერთი რეგიონიდან არ გავრცელებულა.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ყირიმიდან განახორციელეს. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 17-დან 11 დრონი გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG