Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, პრემიერის რანგში მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგება


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ახალდამტკიცებული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში 20-21 თებერვალს შედგება. ამის შესახებ მან 8 თებერვლის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ თქვა მედიასთან პარლამენტში.

"უკვე დაგეგმილია ვიზიტები. 20-21 თებერვალს დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში. ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე ნატოს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია. შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება", - განაცხადა კობახიძემ.

8 თებერვლის სხდომის ბოლოს დეპუტატებმა 84 ხმით გამოუცხადეს ნდობა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით.

კენჭისყრამდე დეპუტატებმა მოისმინეს ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

XS
SM
MD
LG