Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT-ის წყაროებმა დაადასტურეს, რომ რუსული ილ-76 Patriot-ით ჩამოაგდეს


24 იანვარს ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ილ-76. მოსკოვის თანახმად, მასში უკრაინის 65 სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.
24 იანვარს ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ილ-76. მოსკოვის თანახმად, მასში უკრაინის 65 სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.

გაზეთმა The New York Times-მა რამდენიმე ამერიკელ სახელმწიფო მოხელეზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობას არ ასახელებენ, ხუთშაბათს დაწერა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ილ-76, რომელმაც 24 იანვარს ბელგოროდის ოლქში განიცადა კატასტროფა, Patriot-ის სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს. გაზეთის თანამოსაუბრეებმა დაუშვეს, რომ თვითმფრინავში შესაძლოა ყოფილიყვნენ უკრაინელი ტყვეები.

NYT-ის წყაროების თქმით, Patriot-ის გამოყენების შესახებ განცხადებები სიმართლეს შეესაბამება, ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ერთ-ერთმა მოკავშირემ წარმოადგინა. როგორც ჩანს, უკრაინა მოქმედებდა „ლეგიტიმური, მაგრამ მცდარი სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე“, - წერს The New York Times-ი.

დასავლელი ჩინოვნიკების სიტყვებით, ადრე თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა, რამაც „ის კიევის მნიშვნელოვან სამიზნედ აქცია“. გამოცემის მოსაუბრეები მოჰყვნენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა არ იცოდნენ, რომ რუსეთის თვითმფრინავში შესაძლოა უკრაინელი სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ.

როგორც რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავში იმყოფებოდა 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ და რომ ყველა დაიღუპა. მოსკოვში განაცხადეს, რომ თვითმფრინავი უკრაინამ ჩამოაგდო და რომ ამისთვის სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი გამოიყენეს.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არც დაადასტურეს და არც უარყვეს რუსული ვერსია თვითმფრინავისა და ტყვეების შესახებ. ამასთან, როგორც ამერიკის, ისე უკრაინის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს შეეძლო გაეზვიადებინა დაღუპულთა რაოდენობა.

ილ-76-ის ჩამოვარდნის შემდეგ კიევმა მოსკოვს ბრალი დასდო იმაში, რომ ის ტყვეთა ბედთან დაკავშირებულ საკითხს იყენებს უკრაინაში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის. უკრაინის ხელისუფლება კატასტროფის საერთაშორისო გამოძიების მოწოდებით გამოვიდა.

XS
SM
MD
LG