Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო კაგებე ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს მხარეს გადმოსულების დასაშინებლად პროპაგანდისტულ ხერხებს იყენებს


საოკუპაციო ხაზი, ერგნეთი. 2021 წლის 27 სექტემბერი
საოკუპაციო ხაზი, ერგნეთი. 2021 წლის 27 სექტემბერი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ხშირად გადმოჰყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ამის გამო დე ფაქტო ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ე.წ. სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, სოფლების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ახსნა-განმარტებითი სამუშაოების ჩატარებისკენ, რაც მიზნად ისახავს ე.წ. სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას.

დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული სოფლების მიმართულებით, საოკუპაციო ხაზზე ცხოველების გადაყვანის შემთხვევები ბოლო დროს ძალიან გაიზარდა.

„ბოლო დროს გაიზარდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის შინაური ცხოველების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანის და საძოვრებზე გაშვების შემთხვევები, რაც ქმნის ცხოველების დაავადებების და პათოგენების საპირისპირო მიმართულებით გადატანის რისკებს“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ამ განცხადებიდან ჩანს, რომ დე ფაქტო კაგებე ე.წ. საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლის შესაჩერებლად პროპაგანდისტულ ხერხებს იყენებს და მოსახლეობას იმ ინფორმაციას აწვდის, რომ თითქოს ქართული სოფლების მიმდებარე საძოვრები დაბინძურებულია და იქიდან ცხოველთა დაავადების გადატანა ცხინვალის რეგიონშია შესაძლებელი.

არადა, რეალური მიზეზი ისაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები ხშირად ე.წ. გამშვები პუნქტების გვერდის ავლით, შემოვლითი გზებით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდიან და ამგვარად დროს და ხარჯებს ზოგავენ.

ისინი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვის სერვისების მისაღებად, სავაჭროდ და ნათესავების მოსანახულებლად მიდიან.

დე ფაქტო კაგებეს მიერ ყოველთვიურად გამოქვეყნებული სტატისტიკაც მოწმობს, რომ ე.წ. მესაზღვრეები საოკუპაციო ხაზზე უფრო ხშირად იმ მოქალაქეებს აკავებენ, ვინც ქართული სოფლების მიმართულებით გადმოდის, თუმცა ყველას დაკავება მაინც ვერ ხერხება და ეს კარგად იციან დე ფაქტო ხელისუფლებაში.

ამიტომ ისევ პროპაგანდისტულ ხერხებს მიმართავენ. გასულ წლებში საოკუპაციო რეჟიმი და დე ფაქტო ხელისუფლება თბილისში არსებულ ლუგარის ლაბორატორიას იყენებდა ამგვარი პროპაგანდისთვის, თითქოს ამ ლაბორატორიიდან მომდინარეობდა ბიოლოგიური საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის.

ხანდახან კომიკური ხდებოდა ვითარება, როცა დე ფაქტო სპეცსამსახურები საქართველოდან შეფრენილ კოღოებს და ბუზებს იჭერდნენ და იკვლევდნენ. 2020 წელს ოკუპაციის ხაზთან დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ხვიჩა მღებრიშვილს კი ცემით აღიარებინეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ლუგარის ლაბორატორიისთვის 5 ათას დოლარად უნდა მიეყიდა. დე ფაქტო კაგებე ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალური გამშვები პუნქტების გვერდის ავლით გადასვლა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

XS
SM
MD
LG