გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ქეცხურას უბნის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა - ბოლო სამი დღეა 200 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ეს უბანი საოკუპაციო გამყოფ ხაზს ესაზღვრება და მავთულხლართებით არის გარშემორტყმული.
მოსახლეობის თქმით, მოძველებული ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზებს ქარი დროს მარტივად აზიანებს და დასახლებას დენის მიწოდება ხშირად უწყდება.
„წვიმის და ძლიერი ქარის დროს დენი მაშინვე ქრება. სტიქიის შემდეგ უკვე მეოთხე ღამეა, რაც ელექტროენერგია არ გვაქვს. ყოველი ქარის ამოვარდნაზე ხაზები წყდება. სხვა უბნებში დენი არის და ჩვენ უბანში მოძველებული ხაზების აღდგენას არ დაადგა საშველი. შუქი არ არის, არც ინტერნეტია, ტელეფონიც ცუდად იჭერს, რამე რომ გაგვიჭირდეს ვერავის გავაგებინებთ, სასწრაფოც კი ვერ ამოვა. სირცხვილია, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ქეცხურას უბნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ არაერთხელ მიმართეს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ისე ენერგოკომპანიას, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე ვერ მოგვარდა.
„ენერგოპროჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ქეცხურის უბანს დროთა განმავლობაში დაზიანებული ელექტროხაზის გამო, მართლაც ექმნებოდა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა. კომპანიის მტკიცებით, კილომეტრიანი დაზიანებული ხაზის გამოცვლას ორშაბათიდან დაიწყებენ და კვირის ბოლომდე დასახლებას დენს სტაბილურად მიაწვდიან.