Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ვიცე-პრემიერები ზურაბიშვილს აკრიტიკებენ ალიევისთვის „არჩევნებში გამარჯვების არმილოცვის" გამო


ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის არჩეული პრეზიდენტი.
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის არჩეული პრეზიდენტი.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერებმა, თეა წულუკიანმა და ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ „მას ილჰამ ალიევისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს".

წულუკიანმა პრეზიდენტის მოქმედება „პოლიტიკურ სიბეცედ" შეაფასა და აღნიშნა, რომ ის აგრძელებს ე.წ. პატრონებისგან მიღებული დავალებების შესრულებას.

„საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, მე ვფიქრობ, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

ჩვენ ყველას გვინდა, შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ეს ის რეგიონია, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები არის გაზრდილი ბოლო წლებში. საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმისთვის ზრუნავს, რომ ეს რისკები დააზღვიოს და ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს, მიულოცოს ჩვენს მეზობელ-პარტნიორ-მეგობარ სახელმწიფოს მეთაურს ახალ არჩევნებში გამარჯვება.

ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ, ეს კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას, ე.წ. პატრონებისგან, ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე. მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, როგორც პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ დააზღვიოს, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, არამედ პირიქით - უფრო მეტი რისკი, რომ იყოს ქვეყანაში და ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს და ა.შ. როგორ ჩანს ეს არის მისი მიზანი. რაც მინიმუმ, რომ ვთქვა, დასანანია", - განაცხადა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერმა გაიხსენა, რომ ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, გამარჯვება მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.

„ახსნა იმის შესახებ, რომ ჯერ არ არის საბოლოო შედეგები და ამიტომ არ ულოცავს ბატონ ალიევს, რა თქმა უნდა, გაზიარებული ვერ იქნება. იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ქალბატონმა სალომემ ბატონ მაკრონს ოფიციალურად დადასტურებამდე არჩევნების შედეგებისა, მიულოცა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მისასალმებელი იყო მაშინ", - თქვა თეა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანმა პრეზიდენტის ნაბიჯს უგუნური გადაწყვეტილება უწოდა და დაამატა, შესაძლებელია, ეს „გარკვეული სქემის ნაწილი" იყოს.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით. ცხადია, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა აზერბაიჯანის ლიდერთან. [საქართველოს] აბსოლუტურად ყველა ლიდერს ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც ხელი შეუწყო წარმატებული პროექტების განხორციელებას. მეორე მხრივ, საერთოდ, უბრალოდ დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ პრეზიდენტის მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს, ამ შემთხვევაში, რომ თითქოს ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. მაშინ, როდესაც ეს შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა, მათ შორის, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოიყენოს და უსურვოს წარმატება ახალი პრეზიდენტობის პირობებში ბატონ ალიევს. რატომ არ არის ეს საჭირო ქალბატონი პრეზიდენტისთვის?! ეს კიდევ ერთხელ მგონია, რომ აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. მეორე მხრივ,მგონია, სულაც უგუნური გადაწყვეტილებაა. თუმცა შესაძლებელია, რომ ეს გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც ქალბატონი პრეზიდენტი დიდი ხანია აღასრულებს", - მიიჩნევს ირაკლი ჩიქოვანი.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ირაკლი კობახიძესა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მედიას განუცხადეს, რომ ილჰამ ალიევისთვის „მილოცვის წერილი გაგზავნილია - საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა". როგორც ადმინისტრაციაში აღნიშნეს, ზურაბიშვილმა ალიევს წერილი 9 თებერვალს გაუგზავნა.

სალომე ზურაბიშვილისგან მიღებული მილოცვა გამოაქვეყნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებსაიტმაც.

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხმების 92,05% მიიღო.

7 თებერვალს გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ 6 კანდიდატი მონაწილეობდა. ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, მათგან ყველაზე მეტი ხმა, 2,19%, მიიღო აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა ზაჰიდ ორუჯმა.

ბაქომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, არჩევნები ჩაატარა მთიან ყარაბაღშიც.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს მთავარი ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტი“.

აზერბაიჯანს პრეზიდენტი 2025 წელს უნდა აერჩია, თუმცა 2023 წლის დეკემბერში ილჰამ ალიევმა მიზეზის დაუსახელებლად გადაწყვიტა ვადამდელი არჩევნების ჩატარება 2024 წლის 7 თებერვალს. ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მიერ კონტროლის სრულად აღდგენა 90-იან წლებში დაკარგულ მთიან ყარაბაღზე.

მოგვიანებით, 2024 წლის 10 იანვარს, ალიევმა არჩევნების თარიღის შეცვლის სამი მიზეზი დაასახელა. მან ადგილობრივ ტელეარხებს განუცხადა, რომ ყარაბაღში გამარჯვებამ „ახალი ეპოქა“ მოიტანა, რაც ახალ არჩევნებს საჭიროებს, პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანში არჩევნები პირველად ჩატარდება ყარაბაღშიც და აღინიშნება თავისი მმართველობის მეოცე წლისთავიც.

62 წლის ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტია 2003 წლიდან. მან ეს თანამდებობა მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა.

XS
SM
MD
LG