ისრაელმა სპეცდანიშნულების ძალების ოპერაცია განახორციელა რაფაჰში, რომლის შედეგადაც ორი მძევალი გათავისუფლდა ორშაბათს განხორციელებული საჰარო დარტყმების ფონზე - რომლებსაც, ჯანდაცვის მესვეურების განცხადებით, ღაზის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქში ემსხვერპლა 67 ადამიანი, დაიჭრა ათობით პირი. რაფაჰს თავს აფარებს მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პალესტინელი.
ისრაელის თავდაცვის ძალების, ისრაელის საშინაო უსაფრთხოების სამსახურის ძალების და პოლიციის საგანგებო დანაყოფის მიერ ერთობლივად განხორციელებული ოპერაციის შედეგად გათავისუფლდნენ 60 წლის სიმონ მარმანი და 70 წლის ლუის ჰარე - აცხადებს ისრაელის არმია.
ორივე კაცი იმ 250-მდე ადამიანს შორის იყო, რომლებიც ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულმა ჰამასმა 7 ოქტომბერს ისრაელიდან გაიტაცა, ჰამასის იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი. ამ თავდასხმამ ბიძგი მისცა ისრაელის ომს ღაზაში.
ოთხ თვეზე მეტი დროის შემდეგ, მჭიდროდ დასახლებული ღაზის სექტორის დიდი ნაწილი განადგურებულია, დაღუპულია 28,000-ზე მეტი პალესტინელი, დაჭრილია 68,000-მდე ადამიანი - იუწყებიან ღაზის ჯანდაცვის მესვეურები, რომელთა განცხადებით კიდევ ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა დამარხული.