Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირბი: ავდეევკა მალე შეიძლება გადავიდეს რუსების ხელში


უკრაინის ქალაქ ავდეევკის აღმნიშვნელი, ტყვიით დაცხრილული ნიშანი. ქალაქი "მალე შეიძლება გადავიდეს რუსების ხელში" - ჯონ კირბი.
უკრაინის ქალაქ ავდეევკის აღმნიშვნელი, ტყვიით დაცხრილული ნიშანი. ქალაქი "მალე შეიძლება გადავიდეს რუსების ხელში" - ჯონ კირბი.

ავდეევკაში, რომელიც უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარეობს და რომელზეც იერიში მიაქვთ რუსეთის ჯარებს, შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, რომელიც საფრთხეს შეიცავს, რომ ქალაქი შეიძლება რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს, რისი მიზეზი დიდწილად ტყვია-წამლის უქონლობაა. ამის შესახებ ვაშინგტონში ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის თეთრი სახლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

უფრო ადრე The Washington Post-ი იტყობინებოდა უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით, რომ უკრაინის არმიამ დაიწყო ჯარების ნაწილობრივი გაყვანა. გამოცემის თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ავდეევკის დაკარგვა „დროის საკითხია.“უკრაინის ჯარების მთავარი საყრდენი ქალაქში შეიძლება დარჩეს ქიმიური ქარხანა.

პრორუსული არხების თანახმად, უკრაინის ჯარებმა დაკარგეს კონტროლი ქალაქში არაერთ პოზიციაზე.

უკრაინის ჯარები გამოდიან ავდეევკიდან რამდენიმეთვიანი გაცხარებული ბრძოლების შემდეგ ქალაქზე კონტროლის დამყარებისთვის დონეცკის რეგიონში, განაცხადა 15 თებერვალს უკრაინელი სამხედროების წარმომადგენელმა მაშინ, როცა უკრაინული ჯარების კონტროლი ქალაქზე სულ უფრო არამყარი ჩანდა.

"ავდეევკაში ზოგიერთ ადგილას გადადგილება ხდება , რათა ჩვენი ნაწილები უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიყვანოთ, ხოლო ზოგიერთ ადგილებში [რუსებს] დავატოვებინოთ პოზიციები", - განაცხადა უკრაინელი სამხედროების წარმომადგენელმა დმიტრო ლიხოვიმ.

"ამიტომ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მთავარი განცხადება ის არის, რომ ავდეევკისთვის მომარაგების მიწოდება და იქიდან ევაკუაცია გართულებულია". ლიხოვიმ დასძინა, რომ მომარაგების ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც წინასწარ იყო მომზადებული, კვლავ ხელმისაწვდომია უკრაინელი სამხედროებისთვის.

უფრო ადრე, 15 თებერვალს, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ავდეევკაში განათავსებენ მესამე მოიერიშე ბრიგადას, ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამოცდილ ქვეითთა ჯგუფს. ბრიგადამ Telegram-ზე განაცხადა, რომ ვითარება ქალაქში "უკიდურესად კრიტიკულია". მაქსიმ ჟორინმა, ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, Telegram-ზე დაწერა, რომ ჯარისკაცებმა საბრძოლო დავალებები უნდა შეასრულონ ისეთ პირობებში, რომლებიც "ძნელი წარმოსადგენია".

რუსეთის არმიამ 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო მასიური შეტევა ქალაქ ავდეევკაზე, რომელიც უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშ იმყოფება. მთელი რეგიონის დაპყრობა ერთ-ერთი მიზანია, რომელიც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა დაუსახა ხელქვეითებსს.

XS
SM
MD
LG