Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სტატუსის მინიჭების დროს მხარდაჭერისათვის


ორივე მათგანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.
ორივე მათგანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა სტატუსის მინიჭების პროცესში მხარდაჭერისათვის. ინფორმაციას და ფოტოს ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს პირადად გადაუხადა მადლობა ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას გამოხატული მხარდაჭერისა და რეკომენდაციების შესახებ გაკეთებული მკაფიო განცხადებისათვის", - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა მათი შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომელიც 40 წამი გრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში გამოელაპარაკა სამიტის კიდევ ერთ მონაწილეს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილეა. მას არ მიუმართავს მთავრობისთვის ამ ვიზიტის განსახორციელებლად თანხმობის მისაღებად.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის.

2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG