Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ გამოაქვეყნა F-16-ების სამართავად უკრაინელი პილოტების მომზადების ამსახველი ვიდეო


საილუსტრაციო ფოტო. ავიაგამანადგურებლები F-16
საილუსტრაციო ფოტო. ავიაგამანადგურებლები F-16

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ავიაგამანადგურებლების, F-16-ის სამართავად უკრაინელი პილოტების მომზადების ამსახველი ვიდეო.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა დასავლეთის სახელმწიფოებისგან ამ ავიაგამანდგურებლების გადაცემას 2022 წლიდან ითხოვს. 2023 წელს დანიამ და ნიდერლანდმა გადაწყვიტეს უკრაინას გადასცენ 60-მდე F-16. მათ სამართავად უკრაინელ პილოტებს ამზადებენ ნატოს სხვადასხვა წევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.

მედიით გავრცელებული ცნობებით, უკრაინა პირველ ავიაგამანადგურებლებს ივნისში მიიღებს.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ყველა უკრაინელი ელოდება დღეს, როცა ცაში გამოჩნდებიან პირველი F-16-ები და გააძლიერებენ უკრაინის ქალაქების და თემების დაცვას და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

უკრაინელი მფრინავების წვრთნების ამსახველი ორწუთიანი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელებში ზელენსკის ოფიციალურ გვერდებზე დღეს, 23 თებერვალს გამოქვეყნდა. 23 თებერვალს რუსეთში აღნიშნავენ „სამშობლოს დამცველთა დღეს", რომელიც საბჭოთა პერიოდში ჯერ „წითელი არმიის“, შემდეგ კი, „საბჭოთა არმიის დღე“ იყო.

კრემლის საიტზე პრეზიდენტ პუტინის მილოცვა გამოქვეყნდა. ის „სამშობლოს დამცველთა დღეს“ უწოდებს რუსეთში „ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემ დღესასწაულს“. პუტინის განცხადებით, ამაყობენ „მშობლიური არმიით და ფლოტით“ და მათი „მტკიცე და უშიშარი ხასიათით“, წინა პლანზე კი არიან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეები, რომლებიც „სიმართლისა და სამართლიანობისთვის იბრძვიან“ და „რუსეთს იცავენ“.

პუტინის ხელისუფლება „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ომს.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG