Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი არ დაესწრო ჩეჩნების დეპორტაციის 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციას


რამზან კადიროვი და ვლადიმირ პუტინი
რამზან კადიროვი და ვლადიმირ პუტინი

23 თებერვალს გროზნოში გაიმართა ხელისუფლებასთან შეთანხმებული აქცია, მიძღვნილი სტალინური რეპრესიების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

„ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართა ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის მახლობლად“, იუწყება „გროზნი ინფორმი“.

სამგლოვიარო ღონისძიებას არ დაესწრო ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი, თუმცა აქციაზე იმყოფებოდნენ რესპუბლიკის სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი.

მოგვიანებით კადიროვმა სოცქსელებში გამოაქვეყნა პოსტი სამგლოვიარო თარიღის წლისთავთან დაკავშირებით და ჩეჩნეთში არყოფნის მიზეზი იმით ახსნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ჰქონდა შეხვედრა. კადიროვმა ჩამოთვალა იმ თემების სია, რომლებიც მან ვლადიმირ პუტინთან განიხილა. ამ ჩამონათვალში არ ყოფილა ჩეჩნების დეპორტაციის 80 წლისთავთან დაკავშირებული არცერთი საკითხი.

1944 წლის 23 თებერვალს სსრკ-ში იოსებ სტალინის ბრძანებით შუა აზიაში გადაასახლეს ვაინახელი ხალხი - ჩეჩნები და ინგუშები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ღალატში. ოპერაცია „ოსპის“ (Чечевица) დროს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იქნა გასახლებული მშობლიური ადგილებიდან. საბჭოთა მთავრობის ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა 2004 წელს გენოციდის აქტად ცნო.

2012 წელს კადიროვმა ხსოვნისა და გლოვის დღე გადაიტანა 10 მაისს, რომელიც მისი მამის, ჩეჩნეთის პრორუსული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ახმად კადიროვის დაკრძალვის დღეა. შედეგად, ამ ნაბიჯმა გამოიწვია დეპორტირებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებების არაოფიციალური აკრძალვა. ვითარება შეიცვალა 2018 წელს, როცა ჩეჩნეთის ხელისუფლებამ კვლავ დაიწყო საუბარი სოფელ ხაიბახში, ტრაგედიის ადგილზე, მემორიალის აღმართვის თაობაზე.

2019 წელს, გროზნოში განაცხადეს, რომ „23 თებერვალი“ დარჩება „ტრაგიკულ დღედ მრავალი საუკუნის განმავლობაში მომდევნო თაობებისთვის“ და უწოდეს მას „სტალინ-ბერიას მოღალატე ხროვის დანაშაული“.

2021 წელს, 2012 წლის შემდეგ პირველად, ჩეჩნეთის ხელისუფლებამ აქტიური მონაწილეობა მიიღო დეპორტაციის დღესთან დაკავშირებულ ხსოვნის ღონისძიებებში.

2023 წელს, ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა მოითხოვა სახლების დაბრუნება იმ ჩეჩნებისათვის, რომლებიც თავის დროზე დაღესტნის აუხის (ამჟამინდელი ნოვოლაკსკი) რაიონის ტერიტორიიდან გაასახლეს.

XS
SM
MD
LG