Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ


ერას მოედანზე, მედეას ძეგლთან აქციის მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
ერას მოედანზე, მედეას ძეგლთან აქციის მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

ბათუმში პატივი მიაგეს ალექსეი ნავალნის ხსოვნას. სოლიდარობის აქცია ხალხმრავალი იყო, მონაწილეები ძირითადად ბათუმში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ისინი მდუმარედ გამოხატავდნენ მწუხარებას. 

ერას მოედანზე, მედეას ძეგლთან აქციის მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს; გამოფინეს გარდაცვლილი პოლიტიკოსების, ალექსეი ნავალნისა და ბორის ნემცოვის ფოტოები. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა, ისინი სამძიმარს უცხადებდნენ გარდაცვლილის ოჯახს:

„მე მგონია, რომ დიდი სამყარო წავიდა ჩვენგან და ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ დანაკარგის მასშტაბს. ალექსეი ნავალნიმ თავისი მაგალითით ჩვენში გაამყარა რწმენა, რომ არ უნდა დავნებდეთ მონობას და მუდმივად პიროვნული დამოუკიდებლობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ალექსეი ციხეში იყო ხელისუფლების ხელში და ამავე დროს იყო თავისუფლების სიმბოლო ჩვენთვის. ის ვერ გატეხეს, იგი თავისუფალი წავიდა. მე არ ვარ ისეთი გმირი, როგორიც ალექსეი იყო, ჩემთვის რუსეთში ცხოვრება გაუსაძლისი იყო, ორი წელია, რაც აქ ჩამოვედი“, - გვითხრა აქციის მონაწილემ, პროფესიით მხატვარმა ინესა რახმანოვამ.

ბათუმში პატივი მიაგეს ალექსეი ნავალნის ხსოვნას
ბათუმში პატივი მიაგეს ალექსეი ნავალნის ხსოვნას

სანქტპეტერბურგელი ალექსანდრ მურატოვი გვეუბნება, რომ რუსეთში ღიად უჭერდა მხარს ალექსეი ნავალნის, რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმში, სოლიდარობის აქციაზე ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად მივიდა:

„მოვედით, რომ დავემშვიდობოთ და პატივი მივაგოთ ბათუმში, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს არ გვაქვს შესაძლებლობა, მის საფლავთან ვიყოთ ახლა. დღეს არ გვაქვს ლოზუნგები, სიჩუმეს ვინარჩუნებთ, სიტყვით გამოსვლაც არ იქნება. ალექსეი ნავალნი ციხეში აწამეს და რამდენჯერმე სცადეს მისი მოკვლა, არჩევნების წინ კი მისი მოშორება გადაწყვიტეს. უახლოეს დროში კარგს არაფერს ველით. ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე დღეები გრძელდება. ბოლოს ნავალნის სიტყვებით დავასრულებ, არ დავნებდებით, ვიბრძოლებთ და რუსეთი იქნება თავისუფალი!“

აქცია ხალხმრავალი იყო, მონაწილეები ძირითადად ბათუმში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.
აქცია ხალხმრავალი იყო, მონაწილეები ძირითადად ბათუმში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ.

პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე და ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირის კოლონიაში გარდაიცვალა. 2024 წლის 1 მარტს იგი მოსკოვში დაკრძალეს.

XS
SM
MD
LG