Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის დაკრძალვის დღეს ეკლესიიდან სასაფლაომდე 16,5 ათასმა ადამიანმა ჩაიარა


ალექსეი ნავალნის დაკრძალვა. 1 მარტი, 2024 წელი.
ალექსეი ნავალნის დაკრძალვა. 1 მარტი, 2024 წელი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საფლავთან, დაკრძალვის მეორე დღესაც ბევრი ადამიანი მივიდა. მათ რიგში დგომაც უწევდათ, რათა საფლავზე ყვავილების დაწყობა მოეხერხებინათ.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, 2 მარტს, სასაფლაოზე შესვლის მსურველებს მეტალოდეტექტორით ამოწმებდნენ. პოლიცია სასაფლაოს ტერიტორიაზე ხალხს დიდხანს არ აჩერებდა.

„პოლიცია მშვიდად იქცევა და სასაფლაომდე, მთელ გზაზე მორიგეობს. ნავალნის გვარს არ ახსენებენ, მასზე უბრალოდ ამბობენ - „გარდაცვლილი“, „მისი საფლავი“ და ა.შ.“, - აღნიშნავს ტელეკომპანია „დოჟდის“ 2 მარტის ეთერში, რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე.

სასაფლაოზე მისული ადამიანები შაბათს ალექსეი ნავალნის დედასაც შეხვდნენ.

რუსეთის სახელისუფლებო მედიის ცნობით, ალექსეი ნავალნის დაკრძალვაზე, 1 მარტს, მაქსიმუმ 12-13 ათასი ადამიანი მივიდა. თუმცა ასეთ შეფასებას სარწმუნოდ არც ნავალნის მოწინააღმდეგეთა რიგებში მიიჩნევენ.

დამოუკიდებელი პროექტი - "Белый счётчик"-ი აღნიშნავს, რომ, 1 მარტს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან გამოსამშვიდობებლად 13 ათასზე ბევრად მეტი ადამიანი მივიდა. "Белый счётчик"-ს მასობრივ მიტინგებზე ხალხის რაოდენობის გამოთვლის გამოცდილება აქვს.

პროექტის წარმომადგენლებმა ღვთისმშობლის ხატის ეკლესიასა და სასაფლაოს შორის, ხიდზე, დაახლოებით 16,5 ათასი ადამიანი დათვალეს. ეს მოხდა ალექსეი ნავალნისთვის ეკლესიაში პანაშვიდის გადახდის შემდეგ, 15:05 საათიდან 16:30 საათამდე მონაკვეთში.

ასევე აღნიშნავენ, რომ 16,5 ათასი მინიმალური მაჩვენებელია, რადგან ხალხის ნაწილი, ეკლესიის შემდეგ, სასაფლაოსკენ აღარ წასულა, ხოლო ნაწილი - დაკრძალვის წინ, პირდაპირ სასაფლაოზე მივიდა.

იტყობინებიან, რომ, 1 მარტს, პოლიციამ ათიათასობით მოქალაქეს არ მისცა საშუალება, დასწრებოდა დასაფლავების ცერემონიას.

ნავალნის დაკრძალვაზე მისული ადამიანების ნაწილი ომისა და პუტინის მმართველობის საწინააღმდეგო შეძახილებით გამოირჩეოდა, რაც კარგად ისმის ვიდეოჩანაწერებშიც. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ბევრს უკვირს, რომ მოსკოვში 1 მარტს მხოლოდ 14 ადამიანი დააკავეს. ამ ცნობას ОВД-Инфо ავრცელებს. თუმცა ადგილზე შეამჩნიეს ადამიანები, რომლებიც პროცესიაში მონაწილეებს ფოტოებს უღებდნენ.

ალექსეი ნავალნი მოსკოვში, მისი ბავშვობის სახლის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს.

რუსი ოპოზიციონერი, რომელიც მანამდე ერთხელ მოწამლეს, არქტიკაში მდებარე ციხეში, მძიმე პირობებში ჰყავდათ და იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა.

1 მარტს ნათესავებს და ახლობლებს საშუალება ჰქონდათ, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში მისულიყვნენ ხანმოკლე პანაშვიდზე, სანამ ნავალნის ცხედარს სასაფლაოზე გადაასვენებდნენ. ხალხი მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობას ითხოვდა, თუმცა ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოახერხა შესვლა.

XS
SM
MD
LG