2 მარტს ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება.
მანამდე, ნანგრევების ქვეშ მაშველებმა 3 თვის ბავშვის და მისი დედის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადეს. ამრიგად, თავდასხმის მსხვერპლთა შორის ორი ბავშვია. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და შესაძლოა ნანგრევების ქვეშ კვლავაც იყვნენ ადამიანები.
ადგილობრივები იტყობინებიან ასევე 7 დაჭრილის შესახებ. მათ შორის ორსული ქალი და პატარა ბავშვია.
უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების ტელეგრამარხზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ „მორიგი ტერორისტული თავდასხმისთვის“ თვითმკვლელი დრონები [Shahed-131/136] გამოიყენა.
ოფიციალური ინფორმაციით, 8 დრონი რუსეთმა ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეცა.