Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე მიქაუტაძეს დედამ 50 ათასი დოლარი აჩუქა


 გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს დედამ 50 ათასი დოლარი, დაახლოებით 130 ათასი ლარი აჩუქა. ამის შესახებ გიორგი მიქაუტაძემ 29 თებერვალს შევსებულ ახალ დეკლარაციაში ჩაწერა.

მიქაუტაძის ოჯახის საკუთრებაშია მიწა წავკისში, მიწები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და 248 კვ.მ ბინა და ავტოფარეხები თბილისში (ვაკე).

ფრაგმენტი გიორგი მიქაუტაძის 2024 წლის დეკლარაციიდან
ფრაგმენტი გიორგი მიქაუტაძის 2024 წლის დეკლარაციიდან

გიორგი მიქაუტაძეს დედამ ფული 2022 წელსაც აჩუქა - ორჯერ უფრო მეტი (100 000 დოლარი), ვიდრე 2023 წელს.

მშობლისგან დიდი ოდენობის თანხის მიღება დროში ემთხვევა სახლის მშენებლობის წამოწყებას. დეკლარაციის მიხედვით, 2022-2023 წლებში ამ მიზნით უკვე დაიხარჯა 710 500 ლარი.

გიორგი მიქაუტაძემ, პრესსამსახურის თანამშრომლის დახმარებით, რადიო თავისუფლებას მიაწოდა დედის, დარეჯან თავართქილაძის სამსახურიდან 2023 წლის აპრილში გაცემული ცნობა. ამ დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლის დედა სს "ბახტრიონში" 2019 წლის 4 თებერვლიდან მუშაობს და თვის განმავლობაში შემოსავლის სახით იღებს 22 ათას ლარზე მეტს.

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ცნობა
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ცნობა

გიორგი მიქაუტაძემ სასამართლოში საქმიანობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ის 2010 წელს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი იყო.

  • 2012-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
  • 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
  • 2019 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე.
გიორგი მიქაუტაძეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობენ, "სასამართლო კლანის" წევრად მოიხსენიებენ. სწორედ ამას უკავშირებდნენ მის დანიშვნასაც უზენაეს სასამართლოში.

მიქაუტაძის ცოლი მაია კვირიკაშვილიც მოსამართლეა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს 2018 წლიდან - მაია კვირიკაშვილი მოსამართლედ ქმრის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობის დროს დაინიშნა. წლების წინ იყო პროკურატურის თანამშრომელი.

ამონარიდი გიორგი მიქაუტაძის დეკლარაციიდან
ამონარიდი გიორგი მიქაუტაძის დეკლარაციიდან

გასულ წელს სასამართლოში გიორგი მიქაუტაძის ხელფასი 134 911 ლარი იყო, მაია კვირიკაშვილის კი - 85 513 ლარი.

XS
SM
MD
LG