Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანს სამსახურიდან წასვლის განცხადება დაუკმაყოფილეს


საილუსტრაციო ფოტო: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საილუსტრაციო ფოტო: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააკმაყოფილა უწყების მაღალჩინოსნის, თამარ გუდავას განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. კულტურის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გუდავას, 20 წლის შვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე 2 მარტს დააკავეს. გუდავამ „უხერხულობის თავიდან ასაცილებლად“, თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით განცხადება დაწერა 5 მარტს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გუდავას მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მან თანამდებობა უკვე დატოვა. მისივე მოსაზრებით, ფაქტი უწყებას რეპუტაციულ ზიანს არ მიაყენებდა.

„ჩვენს რეპუტაციას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს. უწყებას ვერ მიადგებოდა ჩრდილი, გამორიცხულია. სამინისტრო თავის სიმაღლეზეა. ეს პირადი ტრაგედიაა... ეს თამარის გადაწყვეტილება იყო, არანაირი დაძალება არ ყოფილა. იმედია, ხვალ უფრო დალაგდება ამ მიმართულებით ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში“, - ამბობს აკაკი ძნელაძე.

მისი სიტყვებით, უწყებისთვის დანაკლისი იქნება თამარ გუდავას სამსახურიდან წასვლა.

პროკურატურამ გუდავას შვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

გამოძიების ვერსიით, "1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ განათავსეს. მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ. გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა“.

XS
SM
MD
LG