Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ მისი დაშინების მიზნით „გამაფრთხილებელი გასროლა" იყო


6 მარტი, 2024 წელი. თბილისი, ყაზბეგის გამზირი. ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან
6 მარტი, 2024 წელი. თბილისი, ყაზბეგის გამზირი. ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან

თბილისში, ყაზბეგის გამზირის N37-თან შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს. გაზეთ „ქრონიკა +-ის" მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, მისი დაშინების მიზნით, „გამაფრთხილებელი გასროლა" იყო.

ელისო კილაძემ ფეისბუკზე ჩართვისას აღწერა შემთხვევის გარემოებები და თქვა, რომ სანადირო თოფიდან ისროლეს. „როდესაც მანქანიდან გადმოვედი, ერთ-ერთი პირი საეჭვოდ ამოგვიდგა გვერდით, რომელმაც საეჭვოდ დაგვათვალიერა, მერე გადაჭრა გზა და ძალიან გამომწვევად გვათვალიერებდა... როდესაც მე შევედი სალონში, გამაფრთხილებელი გასროლა მოხდა ჩემი მეგობრის მისამართით. ტყვია დავარდა მის ფეხებთან", - ჰყვება ჟურნალისტი. მისი თქმით, ასფალტზე დავარდნილი საფანტი პოლიციას გადასცეს.

კილაძე გასროლას ნარკორეალიზატორებს უკავშირებს. ის ამბობს, რომ ტელეგრამ-არხებში მისი მისამართით არის მუქარა, რომ სხვადასხვა რაოდენობის თანხის სანაცვლოდ, ფიზიკურად გაუსწორდებიან. ჟურნალისტმა დაამატა, რომ ასეთი მოქმედებით მისი დაშინება შეუძლებელია.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება). შსს-ს ცნობით, ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ელისო კილაძე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

XS
SM
MD
LG