Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საელჩო განმარტავს ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ყოფნის მიზეზს


23 თებერვალი, 2024 წელი. ბერლინი. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს ხვდება უკრაინის გენერალურის პროკურორი ანდრი კოსტინი. შეხვედრას ესწრება მისი მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი.
23 თებერვალი, 2024 წელი. ბერლინი. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს ხვდება უკრაინის გენერალურის პროკურორი ანდრი კოსტინი. შეხვედრას ესწრება მისი მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის საელჩო. მათ რადიო თავისუფლების მიმართვის შემდეგ წერილობით მოგვწერეს, რომ ადეიშვილი ბუნდესტაგში იმყოფებოდა, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. საელჩოს განცხადებით, ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებს.

„ბატონი ადეიშვილი 22 თებერვალს დებატების დროს იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის სტუმრებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე, როგორც უკრაინის ელჩის დელეგაციის წევრი. გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისათვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა. ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას. ყველასთვის ცნობილია, რომ ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან კარგია", - ვკითხულობთ გერმანიის საელჩოსგან მიღებულ წერილობით განმარტებაში.

გერმანიაში გამართული შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომლებზეც ზურაბ ადეიშვილი ჩანს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. აღწერაში ნათქვამია, რომ ანდრი კოსტინმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა გერმანიაში ამჟამად მცხოვრებ რუსეთთან ომის დანაშაულების მსხვერპლებთან და მოწმეებთან მუშაობის კოორდინაციის საკითხი და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ბუნდესტაგში ზურაბ ადეიშვილის ყოფნას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისგან. 6 მარტს შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ადეიშვილის საკითხზე განმარტებას მოისმენს.

„როცა ქართველი ხედავს, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა ციხეებში, შექმნა ბიზნესის რეკეტის სისტემა, არის სიმბოლო ძალადობის, ეს ადამიანი გერმანიის პარლამენტში არის მისაღები სტუმარი, ეს არის სამწუხარო და, იმედია, ამაზე განმარტებები იქნება. არ ვიცი ტურისტული მიზნებით იყო თუ ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა, იმედია, განმარტებებს მოვისმენთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ეს აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, არ არის სერიოზული დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და მისი წუხილების მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ფოტოებზე ზურაბ ადეიშვილი ჩანს გერმანიის იუსტიციის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზეც. როგორც გენერალური პროკურატურა წერს, შეხვედრაზე განიხილეს გერმანიაში მცხოვრები უკრაინელების წასახალისებლად გადასადგმელი ნაბიჯები აგრესორი ქვეყნის დანაშაულებზე ჩვენების მისაცემად.

23 თებერვალი, 2024 წელი. ბერლინი. შეხვედრა გერმანიის იუსტიციის მინისტრსა და უკრაინის გენერალურ პროკურორს შორის, რომელსაც ესწრება ზურაბ ადეიშვილი.
23 თებერვალი, 2024 წელი. ბერლინი. შეხვედრა გერმანიის იუსტიციის მინისტრსა და უკრაინის გენერალურ პროკურორს შორის, რომელსაც ესწრება ზურაბ ადეიშვილი.

7 მარტს უკრაინის გენერალური პროკურორი ბრიუსელში იმყოფებოდა. ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა იუროვასა და ანდრი კოსტინს შორის გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ზურაბ ადეიშვილი.

7 მარტი, 2024 წელი. ბრიუსელი. უკრაინის გენერალური პროკურორის შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან. შეხვედრას ესწრება ზურაბ ადეიშვილი.
7 მარტი, 2024 წელი. ბრიუსელი. უკრაინის გენერალური პროკურორის შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან. შეხვედრას ესწრება ზურაბ ადეიშვილი.

პაპუაშვილმა ამჯერად იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი განმარტებას გააკეთებს.

„სამწუხაროა და იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას, ცნობილი იყო თუ არა, ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს, როგორ აპირებენ ისინი სამომავლოდ ამ მხრივ განმარტებები გააკეთონ ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ წერილი ინტერპოლისგან 2015 წლის 9 აპრილს მიიღო. მაშინ პროკურატურა წერდა, რომ „ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი“.

ექსპერტების ვარაუდით, ადეიშვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყანა შესაძლოა ყოფილიყო უნგრეთი, სადაც ზურაბ ადეიშვილი საქართველოდან წასვლის შემდეგ ცხოვრობდა, თუმცა ვარაუდები უკავშირდებოდა უკრაინასაც, სადაც ის, სხვადასხვა წყაროს ცნობით, დამოუკიდებელი მრჩევლის სტატუსით მუშაობდა.

რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა. შუამდგომლობა 2013 წლის 14 ნოემბერს დაკმაყოფილდა და ზურაბ ადეიშვილი მაშინ საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა.

მართალია, წითელი ცირკულარით ძებნის გაუქმება ამა თუ იმ პირის გამართლებას არ ნიშნავს, მაგრამ, როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, იურისტი დავით ჯანდიერი რადიო თავისუფლებასთან განმარტავდა, ინტერპოლის გადაწყვეტილება ძირითადად პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს ეფუძნება. ამ პრინციპის მტკიცედ დაცვას ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლი მოითხოვს. დავით ჯანდიერი ამბობდა, რომ პროცესი დინამიკურია და ინტერპოლი აკვირდება ყველაფერს მას შემდეგაც, რაც ამა თუ იმ პირის მიმართ ის წითელი ცირკულარით გამოაცხადებს ძებნას. მათ შორის, ყურადღება ექცევა ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას ამა თუ იმ საქმესთან ან ბრალდებულთან მიმართებით.

2020 წლის მაისში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბ ადეიშვილი მუშაობს უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის პოზიციაზე.

2021 წელს ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ადეიშვილმა 2021 წლის 4 მარტს თავად მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ის დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდადებული.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

XS
SM
MD
LG