Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ქალაქ სუმიზე საჰაერო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

საცხოვრებელი კორპუსი სუმიში რუსეთის არმიის დრონებით თავდასხმის შემდეგ.  დაღუპულია სამი ადამიანი. 13 მარტი, 2024 წელი
საცხოვრებელი კორპუსი სუმიში რუსეთის არმიის დრონებით თავდასხმის შემდეგ. დაღუპულია სამი ადამიანი. 13 მარტი, 2024 წელი

13 მარტს სუმიში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს.

ინფორმაციას თავისი კორესპონდენტის ნათქვამზე დაყრდნობით ავრცელებს უკრაინის საზოგადოებრივი ტელეკომპანია Suspilne.

სუმის საქალაქო ადმინისტრაციის თანახმად, საჰაერო თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. გადაუდებელი სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რუსეთის ხელისუფლებას იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ხუთშაბათს ღამით გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ახალი თავდასხმების შესახებ დრონების გამოყენებით. შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიის 36 დრონიდან 22 განადგურდა.

მანამდე უკრაინის ხელისუფლება იტყობინებოდა უპილოტო თვითმფრინავების დარტყმებზე ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. სუმის რეგიონულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დრონები შეეტაკა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს სუმიში, შოსტკაში, ახტირკასა და ბელოპოლიეში.

სუმის რეგიონის ადმინისტრაციის თანახმად, რეგიონში რადიოსაინჟინრო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად გამორთულია რამდენიმე სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის გადამცემი. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ასევე განაცხადა ხუთშაბათს "სატელევიზიო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაზიანების შესახებ". საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ადრე იტყობინებოდა, რომ დილით ორი სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში. ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტები გამოიყენეს.

​
XS
SM
MD
LG