Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სახლის" კატებისა და ძაღლების კასტრაცია/სტერილიზაცია სავალდებულო გახდება

შინაური ცხოველის გამრავლება მხოლოდ ლიცენზირებულ საშენში იქნება შესაძლებელი.
შინაური ცხოველის გამრავლება მხოლოდ ლიცენზირებულ საშენში იქნება შესაძლებელი.

საქართველოს პარლამენტში დაიწყო შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის განხილვა. იგი შეეხება ყველას, ვისაც სახლში ჰყავს კატა ან ძაღლი, ან რომელიმე ცხოველი მიიკედლა ეზოში.

დღეს, 15 მარტს, გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტი განიხილება, დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა დეპუტატმა მაია ბითაძემ კოლეგებს კითხვის პასუხად განუმარტა, რომ ყველა მეპატრონე ვალდებული იქნება, საკუთარ ძაღლსა და კატას კასტრაცია/სტერილიზაცია გაუკეთოს.

"ჩვენ აღარ ვართ არც ვეტერინარები, არც კინოლოგები. უბრალოდ რაღაც გვსმენია და რაღაც გაგვიგია... თუ არ გვინდა, რომ სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ ცხოველს?! უნდა გავუკეთოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს!.. ვისაც არ გავუკეთებთ, ეს იქნება სანაშენე ცხოველი, რომელიც საშენს ეყოლება. ასევე ძალოვანი სტრუქტურების ცხოველები სტერილიზაცია/კასტრაციას არ დაექვემდებარებიან, მათი რეჟიმი სხვა არის. ეს არის ცხოველი, რომელსაც ჩვენ ქუჩაში ვხვდებით", - თქვა მაია ბითაძემ, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კანონში ასევე ჩაიწერება ვადები, როცა ოჯახს საკუთარი შინაური ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაცია შეეძლება. შინაური ცხოველის გამრავლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ლიცენზირებულ საშენში.

შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა 2023 წლის 27 დეკემბერს დაარეგისტრირეს.

XS
SM
MD
LG