Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ღამით დრონებით შეუტიეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

კვირას ღამით რუსეთის სხვადასხვა რეგიონს დრონებით შეუტიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის, ბელგოროდის, კალუგის, ორიოლის, როსტოვის, იაროსლავისა და კურსკის ოლქებში მათ 35 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათგან 17 - კრასნოდარის ტერიტორიაზე.

„როიტერსის“ ცნობით, ეს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა რუსეთის ტერიტორიაზე.

"მოსკოვი კიევს არჩევნების დივერსიაში ადანაშაულებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორი წლის წინ მეზობელ უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა", - წერს სააგენტო "როიტერსი"

კრასნოდარის ოლქში, სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ხანძარი ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად მსხვერპლი არ არის, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა გულის შეტევით.

სლავიანსკის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა რომან სინიაგოვსკიმ განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლები ევაკუირებული არიან და მომხდარის შედეგად მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა კი დაადასტურა, რომ მოსკოვის მახლობლად მდებარე სამ რაიონში დრონების ჩამოგდების შედეგად არავინ დაშავებულა.

ამის პარალელურად, რუსეთის ჯარები გასულ ღამით აგრძელებდნენ ხარკოვის, დონეცკისა და ჩერნიგოვის ოლქების დაბომბვას მართვადი საზენიტო რაკეტებით.

უკრაინის საჰაერო ძალები იტყობინებიან ოდესის რეგიონში „შაჰიდის“ ტიპის 14 თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ, რის შედეგადაც დაზიანდა ორი სასოფლო-სამეურნეო საწარმო.

  • რუსეთი ყოველდღე ბომბავს უკრაინას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმის თავს.
  • ბოლო დროს რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებიც თითქმის ყოველდღიური გახდა. რუსული მხარე მომხდარში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა, როგორც წესი, თავდასხმებზე კომენტარს არ აკეთებს.
XS
SM
MD
LG