Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამხრეთი ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხს განიხილავს“ - „რია ნოვოსტი“


ალან ალბოროვი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტის“ თავმჯდომარე
ალან ალბოროვი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პარლამენტის“ თავმჯდომარე

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეზე, ალან ალბოროვზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთში შესვლის საკითხი - „ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“.

ალბოროვმა სწორედ ასე უპასუხა კითხვას ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. მისი სიტყვებით, მოსკოვი და ცხინვალი „კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებენ“.

„როცა ჩვენ რუსეთთან ერთად მივალთ ამ იდეამდე, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - ამბობს ის.

2023 წელს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმაც გამოთქვა იმედი, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა „მალე შეუერთდება რუსეთს“.

2023 წლის დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე გაგლოევმა განაცხადა, რომ ეს თემა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს კვლავ დღის წესრიგშია, თუმცა დაამატა, რომ „არ არის საჭირო ხალხის მოტყუება“, რადგან ამჟამად საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა არ არის.

2022 წლის მაისში კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რეფერენდუმის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი არ გეგმავს რაიმე ნაბიჯების გადადგმას „რესპუბლიკის ანექსიისთვის“.

თუმცა მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში აღნიშნა, რომ თუ სამხრეთი ოსეთი მათ კონკრეტულ წინადადებებს გაუგზავნის, მათ განიხილავენ.

XS
SM
MD
LG