Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს" - სააკაშვილი გვარამია-მელიაზე


ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში". 11 მარტი, 2024 წელი
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში". 11 მარტი, 2024 წელი

კლინიკა "ვივამედში" მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ნიკა მელიასა და თავისი ადვოკატის, ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის დაფუძნებას ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში ინტერვიუს დროს გამოეხმაურა. 

სააკაშვილის სიტყვებით, გვარამიამ და მელიამ "იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს". ამასთან, ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი კვლავ მისი მეგობრები არიან.

"ნიკა გვარამია, ისევე როგორც ნიკა მელია, ჩემი მეგობრები არიან. მე და ნიკა გვარამიას ბევრი სხვა საერთო თემა გვაქვს, პარტიების გარდა. ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს", - ციტირებს "ფორმულა" სააკაშვილს.

წამყვანის კითხვაზე, როგორ აისახება "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველზე ყოფილი თანაგუნდელების მიერ ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნა? - სააკაშვილი ამბობს, რომ მათმა ამომრჩეველმა იცის, თუ რომელ პარტიაშია ის.

"'ნაციონალური მოძრაობის' ამომრჩეველი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ნამდვილად იცის, თუ რომელ პარტიაში ვარ მე და სად არის იმ ფასეულობების ყველაზე ზუსტი გამოხატულება, რომელსაც უკვე თაობებმა მიუძღვნეს თავისი სიცოცხლე. ჩვენი მტერი არის ოლიგარქი, სიღარიბე, უპერსპექტივობა, ქვეყნის დაცარიელება".

პარტია "ახალი" ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ 11 მარტს წარუდგინეს საზოგადოებას - პარტია ოფიციალურად ჯერ რეგისტრირებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მას ორი თანათავმჯდომარე ეყოლება და ამ პოსტს საწყის ეტაპზე მელია და გვარამია დაიკავებენ.

  • საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს.
  • გარდა საზღვრის უკანონო კვეთისა, მის წინააღმდეგ წარმოებაშია კიდევ ორი საქმე: 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის საქმე და ე.წ. პიჯაკების საქმე, რომელშიც პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვას ედავება.
  • მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG