საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დანიშნა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
„პრემიერმა ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები“, - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
ლევან ხარაბაძე ამ დრომდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად. ხარაბაძემდე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა, მან თანამდებობა 8 მარტს დატოვა.