Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი სევასტოპოლზე იერიშის შემდეგ: "მადლობა პილოტებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის!"


მიკოლა ოლეშჩუკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალი
მიკოლა ოლეშჩუკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალი

სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა „მფრინავებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის“.

"ცა და ზღვა ერთი ფერისაა! მადლობა პილოტებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის! ყირიმი ჩვენია! ერთად - გამარჯვებამდე! ” – დაწერა ოლეშჩუკმა ტელეგრამის არხზე.

ამასთან, ტელეგრამის არხი «Крымский ветер» („ყირიმის ქარი“), გამომწერებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იერიში მიტანილი იქნა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარ სპეცსაკომუნიკაციო ცენტრზე, რომელიც მდებარეობს ნიკოლაი მუზიკას ქუჩა N1-ში, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

თავის მხრივ, სევასტოპოლის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ სევასტოპოლზე მიტანილი წუხანდელი იერიში იყო "ყველაზე მასიური ბოლო დროის განმავლობაში". რაზვოჟაევის თქმით, ქალაქის ცენტრში მინებია ჩამტვრეული. მისი თქმით, სევასტოპოლის მკვიდრი, 65 წლის მამაკაცი დაიღუპა რაკეტის ფრაგმენტის საცხოვრებელ კორპუსზე დაცემის შედეგად. გარდა ამისა, რაზვოჟაევის თქმით, სულ ნამსხვრევებისგან ოთხი ადამიანი დაშავდა.

„ალტერნატიული წყაროების გამოყენებით რაზვოჟაევის განცხადებების ოპერატიულად გადამოწმება ჯერ შეუძლებელი“, - წერს krym.realii, რომლის კორესპონდენტი მანამდე იტყობინებოდა, რომ სევასტოპოლში ადგილობრივი დროით 22:44 საათზე საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, რის შემდეგაც ქალაქში სულ მცირე ექვსი ძლიერი აფეთქება მოხდა. კორესპონდენტის ცნობით, აფეთქებები ისმოდა კაზაკთა ყურის მხრიდან, ხოლო ქალაქის ფარგლებში შეინიშნებოდა ძლიერი ნათება. 1 საათისა და 47 წუთის შემდეგ, ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

2022 წლის აგვისტოდან ყირიმსა და სევასტოპოლში აფეთქებების ხმები თითქმის ყოველდღიურად ისმის. რუსეთის ხელისუფლება ამის მიზეზად ასახელებს „უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების“ წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას, „საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობას“ და რუსულ სამხედრო წვრთნებს.

ანექსირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა უპილოტო თვითმფრინავებს ყირიმის "მთავარი საფრთხე" უწოდა.

2022 წლის ოქტომბერში აფეთქება მოხდა ყირიმის (ქერჩის) ხიდზე. ხიდზე კიდევ ერთი იერიში მიტანილი იქნა 2023 წლის 17 ივლისს.

ნახევარკუნძულზე გამოცხადებულია ტერორისტული საფრთხის გაზრდილი (ყვითელი) დონე. სიმფეროპოლის აეროპორტი დაკეტილია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა ადრე განაცხადა, რომ ყირიმში საოკუპაციო ძალებისთვის „ახალი სიურპრიზები“ მზადდებოდა და რომ სამოქალაქო პირებს არ ურჩევდა ქერჩის ხიდით სარგებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG