Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია ზახაროვა ზელენსკიზე: "ქურდს ქუდი ეწვის"


მარია ზახაროვა
მარია ზახაროვა

„ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც „ეყო ჭკუა“ რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან „ქურდს ქუდი ეწვის“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შესახებ.

„ვერანაირი წყევლა ვერ გაანადგურებდა ისე, როგორც მისმა თვითმამხილებელმა განცხადებამ გაანადგურა“, - დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე ზახაროვამ, რომელმაც პოსტი ერთგვარი მოწოდებით დაამთავრა:

„არასდროს დაივიწყოთ! იმათი გულისთვის, ვინც გუშინ შინ ვერ დაბრუნდა და ვინც ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება, "ანგელოზთა ხეივნის" გულისთვისაც - არ დაივიწყოთ!“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ თუ რუსები მზად არიან „კროკუსებში” ჩუმად დაიხოცონ, პუტინი კიდევ ბევრჯერ ეცდება მსგავსი ვითარების თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას.

„კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

23 მარტს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. უფრო სწორედ, მისმა ერთ-ერთმა დანაყოფმა, რომელსაც “ხორასანი” ჰქვია. სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვას მათ ბრალეულობაში ეჭვი არ ეპარება.

XS
SM
MD
LG