Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე: მართლა პროპაგანდისტები არიან, ბავშვებს ცისარტყელა წაართვეს...


მამუკა მდინარაძე ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივის წარდგენის შემდეგ თბილისის ცაზე ცისარტყელას გამოსახვას გამოეხმაურა.
მამუკა მდინარაძე ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივის წარდგენის შემდეგ თბილისის ცაზე ცისარტყელას გამოსახვას გამოეხმაურა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თანახმად, ქვეყანაში „ლგბტ პროპაგანდაში“ „დიდი ფული“ იხარჯება. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს არის მისი ბრალდება და ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს მოუწოდა, გამოაქვეყნონ ფინანსური ანგარიშები.

„ლგბტ პროპაგანდის მხარეს დიდი ფინანსები დგას... ვაბრალებ მათ, რომ ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებაში მიდის დიდი ფული... უთხრან დამფინანსებლებსა და მოქალაქეებს, რომ ეს არის მართალი ან ტყუილი!“ - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა.

მანვე გაამახვილა ყურადღება გუშინ, ლგბტ უფლებების შემზღუდველი ინიციატივის წარდგენის შემდეგ, თბილისის ცაზე ცისარტყელას გამოსახვაზე.

„გუშინ ისინი ცისარტყელამ გააერთიანა - რაც ჩვენ ვერ ვქენით, ის ცისარტყელამ ქნა! სხვა მხრივ გაერთიანება ვერ გაბედეს და ცისარტყელამ და მისმა ფერებმა გააერთიანა. იყვნენ გახარებული და აჟიტირებული ამ რაღაცებზე. მთაგავდნენ, თურმე „რაღაც გამოისახა“ და იყო ერთი ამბავი. მართლა პროპაგანდისტები არიან - ბავშვებს ცისარტყელა წაართვეს... ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ, 25 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც პროპაგანდის აკრძალვის საფუძვლით შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები.

ლგბტ+ დროშა ცნობილია „ცისარტყელას დროშის“ სახელით, თუმცა ის ზუსტად არ იმეორებს ცისარტყელას ფერებს. ცისარტყელაში შვიდი ფერია: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი; ლგბტ+ დროშის ორი ვერსია არსებობს: ექვსფერიანი და რვაფერიანი. ექვსფერიანში ამოღებულია ცისფერი, რვაფერიანში კი დამატებულია ვარდისფერი.
  • არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
  • აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
  • აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმების რაოდენობა. მდინარაძემ თქვა, რომ თუკი კონსტიტუციის შესწორებას ამ მოწვევის პარლამენტში ვერ შეძლებენ, „ქართულ ოცნებას“ იგივე მიზანი ექნება მომავალ პარლამენტში, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში აირჩევა.

კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შეუძლია ერთი მოწვევის პარლამენტს, თუ პროექტს მხარს დაუჭერს 113 დეპუტატი. თუ ცვლილებების მომხრე იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 ხმა), მაშინ საჭირო იქნება მომდევნო პარლამენტის მხარდაჭერაც. ამ შემთხვევაშიც არანაკლებ 100 ხმა.

XS
SM
MD
LG