Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა


სახელდახელო მემორიალი "კროკუს სიტი ჰოლის" წინ. 26 მარტი, 2024.
სახელდახელო მემორიალი "კროკუს სიტი ჰოლის" წინ. 26 მარტი, 2024.

მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ გამოაცხადა, რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა.

მინისტრის სიტყვებიდან ჩანს, რომ საავადმყოფოებში რჩება ტერაქტის შედეგად დაშავებული 76 ადამიანი. ოთხი მათგანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. 19 ადამიანი, მათგან სამი ბავშვი, უბრალოდ მძიმე მდგომარეობაში. 34-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.

26 მარტს რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს დამწვარი საკონცერტო ცენტრის ნანგრევების გაწმენდა. როგორც იტყობინებიან, ახალი გვამების ძებნა არ მიმდინარეობს. დაღუპულთა წინასწარ სიაში მითითებულია 120 ადამიანი, რომლებიც უკვე ამოიცნეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა.

22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი").

იტყობინებიან, რომ დაკავებულია 12 ეჭვმიტანილი. ოთხ პირს, რომლებიც ტაჯიკეთიდან არიან, ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი - მათ დახმარებაში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, თავდამსხმელებს შესაძლოა უკრაინა ეხმარებოდა.

ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში არ სჯერათ ამ ვერსიისა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინი ცდილობს, კიევს გადააბაროს მომხდარისთვის საკუთარი პასუხისმგებლობა.

კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ეჭვმიტანილებს წამების კვალი.

XS
SM
MD
LG