Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს, რომ რუსეთი ნატოსთან ომს გეგმავს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ ევროპაზე თავდასხმას და ნატოსთან ომს არ აპირებს.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა გვიან ღამით გაავრცელეს კრემლის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს ტვერის ოლქში პუტინის შეხვედრას სამხედრო მფრინავებთან.

ამ შეხვედრაზე პუტინმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს, რომ რუსეთი ნატოსთან ომს გეგმავს. ეს მოსაზრება რომ „ბოდვაა“, რუსეთის პრეზიდენტმა იმით გაამყარა, რომ, მაგალითად, 2022 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავდაცვისთვის 811 მილიარდი დოლარი დახარჯა, ხოლო რუსეთმა - 72 მილიარდი. „ასეთი თანაფარდობით ნატოსთან ომს ვაპირებთ?! ეს უბრალოდ, ბოდვაა“, - განაცხადა პუტინმა.

ბოლო პერიოდში არაერთმა პოლიტიკოსმა და სამხედრო მაღალჩინოსანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, აუცილებლად დაესხმება თავს ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანასაც.

ტვერის ოლქში, სამხედრო მფრინავებთან შეხვედრისას პუტინმა „ბოდვა“ და „სრული სისულელე“ უწოდა განცხადებებსაც, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას აპირებს.

პუტინის თქმით, ევროპა თავის მოსახლეობას რუსეთით აშინებს, რათა მეტი ფული გამოსძალოს. რუსეთის პრეზიდენტმა ამ კონტექსტში ახსენა პოლონეთი, ჩეხეთი და ბალტიის ქვეყნები.

პუტინმა სამხედრო მფრინავებს კიდევ ერთხელ უამბო კრემლის ვერსია, რომ უკრაინის წინააღმდეგ არაფერს გეგმავდნენ, მაგრამ აიძულეს, რადგან რუსეთის ინტერესები არ გაითვალისწინეს.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა, რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.
XS
SM
MD
LG