Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაკეტებითა და დრონებით რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ, ზელენსკი პირობას დებს, რომ უკრაინა "გაძლებს"


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ "უკრაინა გაძლებს". ფოტო: 29 მარტი, 2024 წელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ "უკრაინა გაძლებს". ფოტო: 29 მარტი, 2024 წელი

უკრაინელი სამხედროების თქმით, ქვეყანამ რუსეთის მხრიდან დაბომბვის კიდევ ერთი ღამე გადაიტანა, რომლის დროსაც დრონებისა და რაკეტების სამიზნე იყო სამოქალაქო ობიექტები ქვეყნის სამხრეთსა და დასავლეთში. ასეთ ფონზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რუსეთის ამ იერიშის მიუხედავად, მისი ქვეყანა "გაძლებს".

რუსეთმა ბოლო ხანს გააძლიერა თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, იტყობინებიან მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ, რამაც გააჩინა შიში, რომ, როგორც 2022-23 წლის ზამთარში, ელექტროენერგია კვლავ გაითიშება - 2022-23 წლის ზამთარში რუსეთის დარტყმამ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ელექტროენერგიით მომარაგებაში დიდი პრობლემები გამოიწვია.

უკრაინის უდიდესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, DTEK-მა, 30 მარტს განაცხადა, რომ მისი ექვსი ელექტროსადგურიდან ხუთი დაზიანდა ან განადგურდა, რითაც მან გამომუშავების სიმძლავრის 80 პროცენტი დაკარგა, სარემონტო სამუშაოებს კი შესაძლოა, 18 თვე დასჭირდეს.

"ახლა აღარ არსებობს ისეთი ღამე ან დღე, რუსული ტერორი რომ არ ცდილობდეს ჩვენი ცხოვრების განადგურებას. გასულ ღამეს მათ კვლავ დაუშინეს ხალხს რაკეტები და შაჰედის დრონები. მაგრამ ჩვენ ვიცავთ თავს, ჩვენ ვუძლებთ, ჩვენი სული უტეხია და იცის, რომ სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელია. სიცოცხლეს შეუძლია გამარჯვება", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში, პოსტში, რომელიც 31 მარტს, აღდგომა დღეს გამოქვეყნდა.

უფრო ადრე, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ღამით, მთლიანობაში, 16 რაკეტა და 11 დრონი დაუშინა უკრაინას. მისი ცნობით, საჰაერო ძალებმა მოახერხეს ცხრა დრონისა და ცხრა რაკეტის განადგურება.

დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის რეგიონში, ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ბოლო თავდასხმებმა დააზიანა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ოდესის რეგიონში და სასოფლო-სამეურნეო ობიექტი ხერსონის რეგიონში. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის რეგიონში ჩამოაგდეს რვა დრონი, რომელთა ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ადგილობრივ ელექტროსადგურზე. იტყობინებოდნენ ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ რეგიონში. სამხედროების თქმით, ხანძარი ჩააქრეს და არავინ დაშავებულა.

უკრაინელი სამხედროების თქმით, ხერსონის რეგიონში რუსეთის საჰაერო თავდასხმა მოხდა სასოფლო-სამეურნეო ობიექტზე. დაშავებულების შესახებ ცნობები არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG