Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი ვითარების გასაცნობად დონეცკის ოლქში ჩავიდა


ვოლოდიმირ ზელენსკი რეგულარულად ჩადის ფრონტის ხაზზე. ამა წლის 4 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ზაპროჟიეს ოლქში რობოტინოს პოზიციები დაათვალიერა.
ვოლოდიმირ ზელენსკი რეგულარულად ჩადის ფრონტის ხაზზე. ამა წლის 4 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ზაპროჟიეს ოლქში რობოტინოს პოზიციები დაათვალიერა.

19 აპრილს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონს ეწვია და, როგორც სოციალურ ქსელში მოგვიანებით დაწერა, საველე საავადმყოფოში დაჭრილი მებრძოლები მოინახულა.

"მე მოვინახულე ჩვენი დაჭრილი დამცველები, რომლებიც იქ განლაგებული 95-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის სამედიცინო ასეულში გადიან მკურნალობას. ვესაუბრე მათ და გადავეცი სახელმწიფო ჯილდოები. დიდი მადლობა უკრაინის დაცვისა და თქვენი სამსახურისათვის! ჩვენი სახელმწიფო ამაყობს, რომ ასეთი მეომრები ჰყავს", - ნათქვამია პრეზიდენტის ტელეგრამის არხზე.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუსმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის „ვოსტოკის“ მეთაურს, გენერალ ივან სოდოლს, ამ მიმართულებაზე მოქმედი უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებს.

„დავათვალიერე საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობა. მაქსიმალური ძალები ამ მიმართულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ დატოვა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა, რუსი სამხედროები კიდევ აგრძელებენ იერიშებს მთელი დონეცკის რეგიონის ოკუპაციის მიზნით.

ამჟამად მათი ძალისხმევა კონცენტრირებულია ქალაქ ჩასოვ-იარის გარშემო, რომლის ომამდელი მოსახლეობა დაახლოებით ათი ათასი ადამიანი იყო. ეს დასახლება მუდმივი საჰაერო დარტყმების ქვეშაა.

უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, რუსეთის არმია შეეცდება 9 მაისამდე იგდოს ხელთ ჩასოვ-იარი.

უკრაინის სარდლობის ცნობით, მტერი ასევე კონცენტრირებას ახდენს ბახმუტის დასავლეთით „ჩვენი თავდაცვის გარღვევის, სევერსკის დონეცის არხთან მისასვლელად, დასახლებულ პუნქტ ჩასოვ-იარის დასაპყრობად და კრამატორსკის აგლომერაციაში შემდგომი წინსვლის პირობების შესაქმნელად", - აღნიშნა 14 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ.

XS
SM
MD
LG