Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკის მოედანზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია დაიწყო


რესპუბლიკის მოედანზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია დაიწყო
რესპუბლიკის მოედანზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია დაიწყო

კვირას, 28 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით იმართება.

დემონსტრაცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია რესპუბლიკის მოედანზე. 2024 წლის 28 აპრილი
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია რესპუბლიკის მოედანზე. 2024 წლის 28 აპრილი

თავდაპირველად დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, მოგვიანებით კი მსვლელობა პარლამენტისაკენ.

დემონსტრანტების სიტყვით მიმართეს პოეტმა რატი ამაღლობელმა, ტელეწამყვანმა ბექა ყორშიამ, ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა და სხვებმა.

ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები „აგენტების კანონის“, - ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ - წინააღმდეგ.

„აგენტების კანონი“ საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა - 83 ხმით.

13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის - რადიო თავისუფლებასაც.

კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

XS
SM
MD
LG