Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი გაათავისუფლეს - მოსამართლემ პროცესი გადადო


ალექსი პეტრიაშვილი, „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი
ალექსი პეტრიაშვილი, „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 მაისს, 12:00 საათზე დანიშნა „რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევრის, ალექსი პეტრიაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი. ადვოკატმა ლევან სამუშიამ, რომელიც პეტრიაშვილის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 29 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც დაცვის მხარემ პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა.

სამუშიას შეფასებით, პეტრიაშვილის დაკავება პოლიტიკური იყო. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სადაც თურმე წერია, რომ ბუკა პეტრიაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ლამობდა პოლიციის კორდონის გარღვევას. სინამდვილეში ხელებაწეული ადამიანი დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, პირდაპირ ეთერში გასული უტყუარი კადრების გაყალბება მიმდინარეობს ოქმში. დაკავება იყო პოლიტიკური“, - თქვა სამუშიამ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი 28 აპრილს დააკავეს თბილისში, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე - „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, - რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს.

28 აპრილს რუსთაველზე, პარლამენტის წინ, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის ფარგლებში ხალხმრავალი აქცია გაიმართა - ღამის 12 საათისთვის, იმის მიუხედავად, რომ აქცია სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, პარლამენტთან გამოჩნდა სპეცრაზმი. სახელმწიფომ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა წიწაკის სპრეი. მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანებიც.

აქციის მსვლელობის პარალელურად, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავდა, რომ არ არსებობდა მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა.

XS
SM
MD
LG