საქართველოში იმყოფება გერტ იან კოპმანი, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორი. ის ორბელიანების სასახლეში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილმა კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს შედგა.
ზურაბიშვილის თქმით, გასულ წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და ამ ურთულესი გამოწვევების დროს მას ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება. პრეზიდენტის განცხადებით, ნათელია, რუსეთი ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეჩერდეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს და ამ არჩევნებში ახალგაზრდებისა და დიასპორის აქტიურ ჩართულობას. მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები, რომელზეც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიოს საქართველოს ევროპული მომავალი.
ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ხალხის ერთსულოვნება ქვეყნის ევროინტეგრაციასთან მიმართებით და მოუწოდა პარტნიორებს, კვლავაც მტკიცედ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერტ იან კოპმანმა განმარტა, რომ ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით. მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება დიდი საფრთხეა საქართველოს ევროინტეგრაციისათვის და უდავოდ შეაფერხებს ამ პროცესს. კოპმანის თქმით, ივნისის თვეში ევროკავშირი გაფართოების ახალ ეტაპზე იმსჯელებს და შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციული გახდეს და არ დააზიანოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.
გერტ იან კოპმანს შემდეგი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ჰქონდა. შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.
„ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, საუბარი იყო აქციის დარბევაზე, რას ვფიქრობთ მთავრობის საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენი მოსაზრება გავაცანით, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ქვეყანა წაიყვანოს რუსეთის მიმართულებით. განხილულ საკითხთა შორის იყო, როგორ გავლენას მოახდენს რუსული კანონი სხვადასხვა კრიტიკულ ჯგუფებზე“, - თქვა შეხვედრის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
1 მაისს საქართველოს პარლამენტი განაგრძობს „აგენტების კანონის“ განხილვას. წუხელ ამავე კანონპროექტზე მსჯელობის დასრულების შემდეგ, სპეცრაზმმა დაარბია დემონსტრანტები, რომლებიც „აგენტების კანონს“ აპროტესტებდნენ.
30 აპრილის და 1 მაისის ღამით „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქცია პოლიციამ ცრემლმდენი გაზით დაარბია, გამოიყენა წყლის ჭავლი და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა.
აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ნაცემია კიდევ ერთი პარლამენტარი - „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
საპროტესტო აქციაზე გამოიკვეთა ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს იდგა და დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამდა.
აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 პირი - მათგან ექვსი პოლიციელი იყო.
შსს-ს ინფორმაციით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი.
ფორუმი