Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უამინდობის გამო, აშშ-ის სამხედროებს ღაზის სექტორის სანაპიროზე ნავმისადგომის მშენებლობის გადატანა მოუხდათ

პალესტინელი ბავშვები ქალაქ ღაზაში. 3 მაისი, 2024 წელი
პალესტინელი ბავშვები ქალაქ ღაზაში. 3 მაისი, 2024 წელი

აშშ-ის სამხედროებმა 3 მაისს განაცხადეს, რომ ამინდის პირობების გამო, დროებით აჩერებენ საზღვაო პირსის მშენებლობას და ამის ნაცვლად, მის მშენებლობას გააგრძელებენ ისრაელის ნავსადგურ აშდოდში.

საზღვაო პირსი - ნავმისადგომი, როცა აშენდება, განთავსდება ღაზის სანაპიროსთან, რათა დააჩქაროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება პალესტინელთა ტერიტორიაზე.

"ძლიერმა ქარმა და ზღვის ღელვამ, რაც მოსალოდნელი იყო, სახიფათო პირობები შეუქმნა ნაწილობრივ აშენებული პირსის ზედაპირზე მომუშავე სამხედროებს", - ნათქვამია აშშ-ის სამხედროების განცხადებაში. "ნაწილობრივ აშენებული პირსი და მის მშენებლობაში მონაწილე სამხედრო ხომალდები გადავიდა აშდოდის ნავსადგურში…" - ასევე აღნიშნულია განცხადებაში.

ამ კვირის დასაწყისში პენტაგონმა განაცხადა, რომ პირსის დაახლოებით ნახევარი მზად იყო.

ისრაელმა სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში 7 ოქტომბერს დაიწყო, რასაც, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების თანახმად, 34 000-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვა მოჰყვა და ანკლავი გავერანებულ ტერიტორიად აქცია.

ომი მას მერე დაიწყო, როცა ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს 7 ოქტომბერს და, ისრაელის მონაცემებით, 1200 ადამიანი დახოცეს და 250 - გაიტაცეს.

ისრაელი ცდილობდა იმის დემონსტრირებას, რომ ის არ აფერხებს ღაზისთვის დახმარების მიწოდებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკვეთრად გააფრთხილა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს, თუ ისრაელი არ მიიღებს ზომებს მშვიდობიანი მოსახლეობისადმი მიყენებული ზიანის, ჰუმანიტარულია კრიზისის და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომელთა უსაფრთხოების მოსაგვარებლად.

აშშ-ის ოფიციალური პირები და ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფები აცხადებენ, რომ გარკვეული წინსვლა მიღწეულია, მაგრამ გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ ეს არასაკმარისია ღაზის 2,3 მილიონი მცხოვრების მოსალოდნელი შიმშილის შესახებ მკაცრი გაფრთხილებების ფონზე.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG