Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ი: საფრთხის მიუხედავად, რუს ბიზნესმენებს აქტივები ევროკავშირიდან რუსეთში გადააქვთ


Bloomberg-ი: ნაციონალიზაციის საფრთხის მიუხედავად, რუს ბიზნესმენებს აქტივები ევროკავშირიდან რუსეთში გადააქვთ.
Bloomberg-ი: ნაციონალიზაციის საფრთხის მიუხედავად, რუს ბიზნესმენებს აქტივები ევროკავშირიდან რუსეთში გადააქვთ.

მდიდარი რუსები, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში აქვთ ბიზნესები და აქტივები, ცდილობენ თავიანთი ქონება გადაიტანონ რუსეთში ან ე.წ. მეგობრულ ქვეყნებში, მაგალითად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ რუსეთში ბიზნესის ნაციონალიზაცია განხორციელდება და თავს საფრთხეში გრძნობენ - იუწყება სააგენტო Bloomberg-ი.

ანონიმურობის დაცვის პირობით, სააგენტო ელაპარაკა რამდენიმე რუს ბიზნესმენს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს თავიანთი ბიზნესები და აქტივები რუსეთში. ორმა მილიარდერმა თქვა, რომ სანქციების პირობებში მათ ბიზნესის წარმოების საშუალება მხოლოდ რუსეთში აქვთ და ცდილობენ, არ იფიქრონ აქტივების კონფისკაციის შესაძლებლობაზე. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელსაც ასევე შეეხო სანქციები, განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, როგორ უნდა გადააწყოს ბიზნესის მუშაობა, მაგრამ ოჯახთან ერთად ახალ ცხოვრებას რუსეთში იწყებს.

მდიდარი ბიზნესმენების შიშებს შორის Bloomberg-ი აღნიშნავს რუსეთის საომარი ეკონომიკის არასტაბილურობას ბიზნესისთვის და მისი დაკარგვის საფრთხეს. სააგენტო წერს, რომ მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებისა, რომ სახელმწიფო არ გეგმავს რუსეთში კერძო კომპანიების ნაციონალიზაციას, კონფისკაციის პერსპექტივები მძლავრადაა დამოკიდებული ხელისუფლებასთან ლოიალურობაზე.

მანამდე გამოცემა novayagazeta.eu იუწყებოდა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში გაძლიერდა კერძო კომპანიების ნაციონალიზაციის მასშტაბური ტალღა. გამოცემის თანახმად, ომამდელ, 2021 წელთან შედარებით, შარშან ცხრაჯერ გაიზარდა ნაციონალიზაციაზე სახელმწიფო საჩივრების რიცხვი.

იმ კომპანიებს შორის, რომელთა მიმართაც უკვე დაწყებულია ნაციონალიზაციის პროცედურა, არიან როგორც რუსული საწარმოები - მაგალითად, ავტოდილერი "როლფი" და ჩელიაბინსკის ელექტრომეტალურგიული კომბინატი - ისე უცხოური ფირმები, მაგალითად, ლუდის მწარმოებელი დანიური კომპანია Carlsberg-ი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG