Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ პასუხი გასცა ბრალდებებს ხარკოვის ოლქში საველე სიმაგრეების ნაკლებობის თაობაზე


საილუსტრაციო ფოტო: სანგრების სისტემის მშენებლობა ჩერნიგოვის ოლქში. 28 მარტი, 2024.
საილუსტრაციო ფოტო: სანგრების სისტემის მშენებლობა ჩერნიგოვის ოლქში. 28 მარტი, 2024.

ხარკოვის ოლქში, სადაც შეტევაზე არიან გადასული რუსეთის ჯარები, გამუდმებული სროლის გამო, ყველაზე უფრო მომზადებული საველე სიმაგრეები ფრონტის ხაზიდან „გარკვეულ მანძილზეა“ აგებული. ამის შესახებ ლაპარაკია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბრიგადის გენერალ ოლექსანდრ იაკოვეცის განცხადებაში.

გენერლის თქმით, პირველი ზღვარი არის თავად სამხედროების მიერ მომზადებული საფრები. ისინი საზღვრიდან ერთ-ნახევარი კილომეტრიდან ხუთ-ექვს კილომეტრამდე მდებარეობს. მეორე ზღვარს აგებენ ფრონტის ხაზიდან 15-17 კილომეტრზე. იაკოვეცმა ყველაზე მომზადებული უწოდა მესამე თავდაცვით ზღვარს - საზღვრიდან 17-35 კილომეტრზე.

„საინჟინრო თვალსაზრისით სწორედ ის არის ყველაზე უფრო აღჭურვილი - მოწყობილია რკინა-ბეტონის კონსტრუქციები როგორც საცეცხლე, ისე პირადი შემადგენლობისთვის თავის შესაფარებლად და საცხოვრებლად“, - განმარტა იაკოვეცმა.

ახლახან სოციალურ ქსელებში გავრცელდა უკრაინელი სამხედროს, დენის იაროსლავსკის განცხადება, რომ ხარკოვის ოლქში რუსეთის ჯარების წარმატებული იერიშის მთავარი მიზეზია ფორტიფიკაციების არარსებობა.

„ორი წლის განმავლობაში უკრაინის საზღვარზე ბეტონის სიმაგრეები უნდა მდგარიყო მიწისქვეშა სამი სართულით! მაგრამ ნაღმებიც კი არ იყო. გვიჩნდება აზრი, რომ ეს ან გიჟური დატაცებაა, ან განზრახ საბოტაჟი!“ - დაწერა სამხედრომ ფეისბუკში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG