Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ჩვენს აქციებზე იყო დაახლოებით ხუთჯერ მეტი გამოსული


29 აპრილი. თბილისი, რუსთაველის გამზირი. „ქართული ოცნების“ ორგანიზებული შეკრება
29 აპრილი. თბილისი, რუსთაველის გამზირი. „ქართული ოცნების“ ორგანიზებული შეკრება

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა რაოდენობა შეაფასა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა ხუთჯერ აღემატება ბოლო დროს საპროტესტოდ გამოსულ დემონსტრანტებს.

„ყველამ ნახეთ, რომ ჩვენს აქციებზე იყო დაახლოებით ხუთჯერ მეტი გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციებზე. ეს არის ის თანაფარდობა, რაც არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. რაც არის თანაფარდობა, ის თანაფარდობა იხილა საზოგადოებამ აქციებზეც, რომელიც გაიმართა. ერთი უმრავლესობის ორგანიზებით და მეორე - პოლიტიკური უმცირესობის ორგანიზებით. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები და ოპოზიციის დღის წესრიგს მიმყოლი ადამიანები გამოდიან ქუჩაში, ეს არის პოლიტიკური უმცირესობის უფლება. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, ეს არის დემოკრატიის ნაწილი. გადაწყვეტილებებს კი დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა. გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, უშუალოდ ამ კანონს მხარს უჭერს 60%-ზე მეტი. ასეთ დროს პარლამენტი, რომელიც ამ ხალხის მიერ არის არჩეული, ვალდებულია, იმოქმედოს სწორედ უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის ირაციონალური განწყობის მიხედვით“, - თქვა კობახიძემ, თუმცა არ დაუსახელებია საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რომელსაც ის დაეყრდნო.

29 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გაიმართა „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქცია, რომელსაც მმართველმა გუნდმა „საყოველთაო-სახალხო შეკრება უწოდა.
29 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გაიმართა „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქცია, რომელსაც მმართველმა გუნდმა „საყოველთაო-სახალხო შეკრება უწოდა.

თვეზე მეტია, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „აგენტების კანონი“ ხელახლა დააინიციირა, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციებს მართავენ.

მასშტაბურ აქციებს შორის იყო ევროპის მარში, როდესაც თბილისის სხვადასხვა ქუჩებიდან დემონსტრანტები ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ.

ერთ-ერთი მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა „ქართული ოცნების“ შეკრების წინა დღეს, 28 აპრილს.

საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 14 მაისს, მწვავე პროტესტის ფონზე მიიღო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG