Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის თქმით, ლაზარე გრიგორიადისს დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ


ლაზარე გრიგორიადისი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ. 24 აპრილი
ლაზარე გრიგორიადისი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ. 24 აპრილი

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს პარლამენტის წინ კიდევ ერთხელ დააკავეს, ადვოკატის ინფორმაციით, ნაცემია.

"მხნედ არის, მაგრამ საკმაოდ ნაცემია. სახე აქვს დაზიანებული, თავზეც აქვს დაზიანებები, ხელბორკილებისგან ნაჭდევები აქვს ხელებზე, სტკივა თავი და გვერდები. როგორც ამბობს, პოლიცია გამეტებით ურტყამდა ფეხებს თავის არეში, აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და დაკავებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებული პარლამენტის ეზოში, სანამ ჯერ სამმართველოში და შემდეგ იზოლატორში გადაიყვანდნენ. აქვს შეგრძნება, რომ წინასწარ ჰქონდა პოლიციას მისი დაკავება, სპეციალურად მის დასაკავებლად გამოვარდნენ მისი მიმართულებით", - ეუბნება გრიგორიადისის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებას. მან 14 მაისს, ღამის საათებში, მოინახულა გრიგორიადისი დიღმის მთავარ სამმართველოში. შეხვედრამ დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა.

„დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მოხდა მისი შესახლება, რამდენიმე საათის განმავლობაში მას ხელბორკილები ჰქონდა მჭიდროდ მოჭერილი და აქვს ეს დაზიანებები, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა, დარღვევას. ეს არის არაადამიანური მოპყრობა. მას რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად. გონებაც დაკარგა ცემის მომენტში, არ ახსოვს რაღაც მომენტები. ექიმმა ნახა და ამ ეტაპზე საჭიროდ არ ჩათვალა მისი კლინიკაში გადაყვანა, თუმცა თქვა, რომ საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას", - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

ქობესაშვილის განმარტებით, ლაზარე გრიგორიადისი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა, ადვოკატის თქმით, „ყველამ ნახა ის კადრები, მსგავს ადმინისტრაციულ დარღვევას ადგილი იქ არ ჰქონია“. გამოძიების დაწყების მიზნით, ეკა ქობესაშვილი აპირებს მიმართოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

დაზიანებები აქვს ლაზარე გრიგორიადისის მეგობარ გოგოსაც, რომელიც აქციაზე მასთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის წინ, როცა პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაიწყო - როგორც თიკო ჩაფიძე ამბობს, პოლიციამ ლაზარესთან ერთად ისიც დააკავა, მაგრამ სანამ პარლამენტის ეზოში შეიყვანდნენ, სადაც დაკავებულებს აგროვებდნენ, რამდენჯერმე ჰკითხეს, გოგო იყო თუ არა და როცა დარწმუნდნენ, რომ გოგო იყო, გაუშვეს.

თიკო ახლაც კლინიკაშია - მან დაკავებისას თავი დაარტყა ქვაფენილზე, დაზიანებული აქვს ნეკნი და ხელი.

პარლამენტის შენობასთან დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში ერთ თვეზე მეტია დემონსტრაციები მიმდინარეობს.

  • „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა.
  • 2024 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო მისთვის ბრალად წაყენებულ ორივე დანაშაულში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადება დროში დაემთხვა „აგენტების კანონის“ ხელახალ ინიციირებას, - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე.
  • განაჩენის გამოცხადების დღესვე, 12 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა.
  • პრეზიდენტი შეწყალების აქტს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო 24 აპრილამდე ვერ გამოსცემდა.
  • ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო 24 აპრილს დატოვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG