Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილმა „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

14 მაისს პარლამენტთან, „აგენტების კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მისვლას და ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაელ როთს, „ქარაფშუტა პოლიტიკოსი“ უწოდა.

„იცით ჩემი განსაკუთრებული კავშირი გერმანულ დახმარებასთან საქართველოში და 30-წლიანი დახმარება გერმანიისა საქართველოს მიმართ, რომელიც ყოველთვის ქართველი ხალხის მხრიდან იყო პატივცემული ბევრი მიზეზის და ბევრი სენტიმენტის გამო, რომელიც არსებობს ქართველი ხალხის მხრიდან გერმანიის მიმართ. ასე, ერთი ხელის მოსმით, წყალში ყრიან ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები. საქართველოში, როდესაც ჩამოდიან, თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას და ვერც კი აცნობიერებენ, რას აკეთებენ ამით, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, გერმანიას, მის სახელს საქართველოში, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ასოცირდება ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაზე, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმაზე. ზუსტად ასეთ ქარაფშუტა პოლიტიკოსებს სელფის გადაღების გამო შეუძლიათ გაწირონ საზოგადოებები დაპირისპირებისა და არეულობისკენ. ასეთი პოლიტიკოსები არიან ისინი, რომლებიც ჩვენ არ გვინდა, რომ გავაიგივოთ ევროპასთან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი შეფასებები მოჰყვეს, მათ შორის - მათი პარტიების მხრიდან“, - თქვა პაპუაშვილმა.

მიხაელ როთმა დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლებას მიმართა: „შეაჩერეთ ეს კანონი!“ როთმა დაამატა: „სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა თქვენდამი. ჩვენ აქ ასევე იმისთვის ვართ, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს და ჩვენი მესიჯი მთავრობისთვის, მმართველი პარტიისთვის არის ძალიან ნათელი - შეაჩერეთ ეს კანონი!”

საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიცების პარალელურად, საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებით დაკომპლექტებული დელეგაცია. ისინი საქართველოში 13 მაისს ჩამოვიდნენ. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ:

  • გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი;
  • ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი;
  • პოლონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოგდან კლიხი;
  • ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი;
  • ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან ტინკინენი.

დელეგაციის წევრებს მთავრობის წარმომადგენლები არ შეხვედრიან. ისინი მიიღო მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG