Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ არჩევნებზე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია" - სამხატვრო აკადემიის რექტორი სტუდენტებს


სამხატვრო აკადემიის რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეებმა ფოტოს გადაღება სთხოვეს იმის დასადასტურებლად, რომ ესმის მათი და მხარს უჭერს მათ მოთხოვნებს.
სამხატვრო აკადემიის რექტორს, ყარამან ქუთათელაძეს, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეებმა ფოტოს გადაღება სთხოვეს იმის დასადასტურებლად, რომ ესმის მათი და მხარს უჭერს მათ მოთხოვნებს.

სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა აკადემიის რექტორს და ადმინისტრაციას სთხოვეს, უკან წაიღონ ხელმოწერა რექტორების კონფერენციის განცხადებიდან და მხარი დაუჭირონ სტუდენტებს, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისა და დასავლური კურსის დასაცავად იბრძვიან. აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უმაღლესი სასწავლებლები პოლიტიკისგან დაცლილი სივრცე უნდა იყოს. აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე სტუდენტებთან სალაპარაკოდ მას შემდეგ ჩავიდა, რაც "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე სტუდენტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ტრანსპარანტებითა და საყვირებით შეიკრიბნენ აკადემიის ეზოში და რექტორთან შეხვედრა მოითხოვეს.

"ძალიან ბევრს აქვს პროტესტი იმის გამო, რომ თქვენ შეუერთდით გაფიცვის დაგმობის განცხადებას და გვაინტერესებს, თქვენ მომხრე ხართ რუსული კანონის?" - ჰკითხა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილე სტუდენტმა აკადემიის რექტორს.

"იცით რაშია საქმე, ჩვენ თქვენხელები რომ ვიყავით, ვიბრძოდით იმისთვის, რომ ყოფილიყო შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, რაც თქვენ გაქვთ. თქვენ თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ არჩევნებზე, თქვენ უკვე ზრდასრული ადამიანები ხართ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენი, ეს არის სასწავლებელი, სადაც უნდა ისწავლოთ, მიიღოთ განათლება. მაგაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ, ეს არ არის პოლიტიკური [...]. აქ არის სასწავლო პროცესი", - უპასუხა მას ყარამან ქუთათელაძემ.

სტუდენტებმა აკადემიის რექტორს მოუწოდეს, არ გაემიჯნოს მათ, "როცა ახალგაზრდებს ევროპულ მომავალს ართმევენ". სტუდენტებმა ყარამან ქუთათელაძეს ჰკითხეს, რას ფიქრობს, როდესაც მისი სტუდენტების "მეგობრებს ურტყამენ და უმიზეზოდ აპატიმრებენ" ან როცა "ახალგაზრდებს სიტყვის თავისუფლებისთვის ფიზიკურად უსწორდებიან." რექტორმა ამ კითხვების პასუხად თქვა, რომ გმობს ყველანაირ ძალადობას, თუმცა აკადემიის სივრცე არ არის ადგილი პოლიტიკური დებატებისთვის.

"თუ თქვენ ამას გმობთ, რატომ არ გვიერთდებით და არ ემიჯნებით რუსულ კანონს. ჩვენ ვართ თქვენი სტუდენტები, ჩვენ გვინდა განათლება საქართველოსთვის და არა რუსეთისთვის და ეს რაც ხდება, ეს არ არის ქართული, ეს არის რუსული რეჟიმი, რომელსაც ჩვენ ყველა წინ აღვუდგებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ გვინდა აკადემია, რომლითაც ადრე ვამაყობდით, ჩვენს მხარეს დადგეს და შემოგვიერთდეს ჩვენ. ძალიან გთხოვთ, შემოგვიერთდით ჩვენ და ის ხელმოწერა [განცხადებაზე], რაც გაფიცვას გმობს, დათმეთ და თქვენი სტუდენტების მხარეს დადექით. ეს არის, რაც ჩვენ გვჭირდება ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის", - უთხრა ქუთათელაძეს ერთ-ერთმა სტუდენტმა. სტუდენტები ცდილობდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის აეხსნათ, რომ კანონი, რომლის წინააღმდეგაც იბრძვიან, პირდაპირ მოახდენს გავლენას თუნდაც იმ საერთაშორისო კონტაქტებსა და სასწავლო პროგრამებზე, რომლებიც აკადემიას აქვს ევროპის სახელოვნებო ინსტიტუციებთან.

"თქვენ ერთი რამე უნდა იცოდეთ, თქვენ არ ხართ მარტო, აქ არის სხვა ნაწილიც სტუდენტების, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ. ჩვენ ვერ და არ შევდივართ პოლიტიკურ დიალოგებში, მაგისთვის არის სხვა ადგილები, ეს ადგილი არის სხვა ადგილი. თქვენ გაქვთ უფლება იმის, რასაც თქვენ იძახით, მეც მაქვს უფლება, რომელსაც გამოვიყენებ, როცა მივალ საარჩევნო ყუთთან.

თქვენ აზრის, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება გაქვთ, ღიაა აკადემია ყველასთვის, აქ არ არის ის რთული პოლიტიკური დებატების ადგილი. რაც მე აქ ვარ, უამრავი ხელმოწერა მაქვს დადებული ევროპელ პარტნიორებთან თქვენი განათლებისთვის, უამრავი ევროპული ახალი ფონდები იხსნება, ამ კაბინეტში ხელს ვაწერ მაგისთვის, რომ თქვენი გზა იყოს გინდა ევროპაში, გინდა ინდოეთში. არცერთი ხელმოწერა არ არის სვერდლოვსკთან, როცა იქნება, მაშინ ვილაპარაკოთ. მე არ მაქვს უფლება მარტო თქვენი რექტორი ვიყო, მე ყველას რექტორი უნდა ვიყო, ამიტომ განსხვავებულ აზრს აქვს უფლება, თქვენს ბრძოლას აქვს უფლება", - უთხრა ყარამან ქუთათელაძემ აკადემიის ეზოში შეკრებილ სტუდენტებს, რაზე პასუხადაც რეპლიკა მიიღო:

"თქვენ გაქვთ უფლება, განათლების სამინისტროს სამარცხვინო დოკუმენტებს ხელი არ მოაწეროთ!"

ყარამან ქუთათელაძეს არ მიუცია სტუდენტებისთვის პირობა, რომ აკადემია უკან გაიწვევს ხელმოწერას განცხადებაზე, რომელიც 14 მაისს გავრცელდა სტუდენტების მასობრივი გაფიცვის ფონზე და რომელიც მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ინიციატივით შედგენილი ტექსტი იყო.

"თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა", - ეწერა ამ განცხადებაში, რომელსაც ხელი რექტორებმა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოაწერეს, აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან შეუთანხმებლად იმ დღეს, როცა 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე გაფიცული იყვნენ.

ყარამან ქუთათელაძე სამხატვრო აკადემიის რექტორად 2022 წლის ნოემბერში აირჩიეს არჩევნებში, რომელშიც რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG