Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებული სევასტოპოლიდან მორიგი სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებიან


თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოზე წითლად მონიშნულია ბელბეკის აეროდრომის ის ნაწილი, სადაც 15 მაისს ხანძარი იყო.
თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოზე წითლად მონიშნულია ბელბეკის აეროდრომის ის ნაწილი, სადაც 15 მაისს ხანძარი იყო.

უკრაინის ქალაქ სევასტოპოლზე, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული, სარაკეტო შეტევა იყო გასულ ღამითაც. ამის შესახებ რამდენიმე ტელეგრამ-არხი წერს. მათი წყაროების თანახმად, ბელბეკის სამხედრო აეროდრომის რაიონში ისევ ხანძარი გაჩნდა. სარაკეტო შეტევა და ხანძარი იყო 15 მაისს, დილითაც. ბელბეკის აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის 38-ე საავიაციო პოლკი.

მოსკოვის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა დღის განმავლობაში მეორე სარაკეტო შეტევა დაადასტურა, თუმცა სამხედრო აეროდრომის შესახებ არაფერი უთქვამს. რაზვოჟაევის ტელეგრამ-არხზე წუხელ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევებმა და აფეთქების ტალღამ დააზიანა სამი კერძო სახლი და ავტომობილი. ე.წ. გუბერნატორის მტკიცებით, არავინ დაშავებულა.

შუაღამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე უკრაინელებს „გაუნადგურეს“ ხუთი ამერიკული ტაქტიკური რაკეტა ATACMS. 15 მაისს, დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ათი ასეთი რაკეტის „განადგურებას“ იუწყებოდა. ATACMS-ი შორ მანძილზე, 300 კილომეტრზე, მოქმედების რაკეტაა.

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ცნობები სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია. უკრაინას სევასტოპოლზე დარტყმების შესახებ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პასუხად არაფერი უთქვამს.

უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით და რაკეტებით ხშირად უტევენ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებს. მათ შორის, 2023 წლის სექტემბერში სარაკეტო დარტყმა იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG