Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებს აკრიტიკებს თბილისში აქციაზე მისვლის გამო


ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტის წინ განთავსებული სცენიდან მიმართეს მომიტინგეებს. 15 მაისი, 2024 წელი
ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარლამენტის წინ განთავსებული სცენიდან მიმართეს მომიტინგეებს. 15 მაისი, 2024 წელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ თბილისში ოფიციალური ვიზიტისას, მსვლელობით შეუერთდნენ რუსთაველზე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციას და დემონსტრანტებს სცენიდან სიტყვით მიმართეს. შალვა პაპუაშვილი უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობას საპროტესტო აქციაში "არამეგობრულ ჟესტად" მიიჩნევს, მათ კი, ვინც აქციაში მონაწილეობდა, უწოდებს "აღელვებულ ახალგაზრდათა ჯგუფს", "რომლებსაც ოპოზიციური პარტიები მთავრობის წინააღმდეგ მართავენ". პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ ამ ხალხის "მთელ ერად" წარმოჩენა საბჭოთა პროპაგანდისტული მეთოდია და არა ევროპელი პოლიტიკოსის შესაბამისი ქცევა.

"უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ამ პროტესტში მონაწილეობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და დიპლომატიური პრაქტიკის უგულებელყოფით და „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში - ქვეყნის აყირავების მცდელობა", - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელი მინისტრების ქცევას. ის ასევე წერს, "საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა. ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან."

შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ "აგენტების კანონის" "რუსულ კანონად" გამოცხადება მას არადემოკრატიულად არ აქცევს და არც ამ კანონის მიღების გამო "საქართველოზე თავდასხმებს" მიიჩნევს გამართლებულად.

"საქართველოს მთავრობამ, დიდი ხანია, დაამტკიცა ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ. თუმცა, დღესდღეობით, ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალი გამოწვევების გამკლავება, საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის, რადიკალურ ჯგუფებშიც", - წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქართველი პოლიტიკოსებიდან ერთადერთი არ არის, ვინც ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უცხოელი პოლიტიკოსები უწყობენ. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამის საუკეთესო მაგალითი იყო გუშინდელი აქცია. უცხოელი პოლიტიკოსები პირდაპირ მივიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ აქციაზე. ეს არის პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის საქმეებში. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ადგეს, ჩავიდეს ერევანში ან იტალიაში და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! ეს არის ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში. ეს არის ძალიან კარგი ლუსტრაცია და საუკეთესო მაგალითი იმის, რომ კიდევ ერთხელ საზოგადოება დარწმუნდეს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, საიდან იმართება ეს ყველაფერი და ვინ დგას ამის უკან", - თქვა 16 მაისს თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

საერთაშორისო პარტნიორების ვიზიტებს წინ უსწრებდა 13 მაისს „ქართული ოცნების“ განაყოფისა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, „ხალხის ძალის“, ახალი ინიციატივა - საქართველოს ხელისუფლება არ შეხვდეს, ანდა ქვეყანაში საერთოდ არ შემოუშვას საერთაშორისო პარტნიორები, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის, საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისა და „აგენტების კანონთან“ დაკავშირებული იმგვარი განცხადებების გამო, „რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG