Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა 100 000 გირვანქა სტერლინგს გადაუხდის თითოეულ ბრიტანელს, რომელსაც წარსულში მოწამლული სისხლი გადაუსხეს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი

ბრიტანელებს, რომლებსაც ათწლეულების წინ აივ ინფექციით (შიდსით) ან C ჰეპატიტით ინფიცირებული სისხლი გადაუსხეს, კომპენსაციის სახით ასი ათასი ფუნტი გადაეცემათ.

ეს გადაწყვეტილება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა დაადასტურა. კომპენსაციის მინიმალური ოდენობა სამეფო ადვოკატმა რობერტ ფრენსისმა გასულ წელს პრობლემის გამოკვლევის დროს დაადგინა. სუნაკმა გუშინ, 20 მაისს, თემთა პალატაში გამოსვლისას დეპუტატებს ფრენსისის წინადადების განხორციელებას დაჰპირდა. "რაც არ უნდა დაგვიჯდეს ამ სქემის განხორციელება, ჩვენ ამას გადავიხდით", - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

რიში სუნაკის გამოსვლა გახდა პასუხი გამოქვეყნებულ გამოძიებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრიტანეთში სისხლის მოწამვლის მსხვერპლთა რაოდენობა დაახლოებით 30 ათასია, რომელთაგან სამი ათასი უკვე გარდაიცვალა. ყველა მათგანი 1970-იან და 1990-იან წლებში იღებდა დაბინძურებულ პრეპარატებს, რომლებიც შეერთებული შტატებიდან იყო იმპორტირებული. პაციენტებს სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმას ავარიების, ოპერაციების, მშობიარობის და ასევე ჰემოფილიის მკურნალობის გამო უტარებდნენ.

სუნაკმა ანგარიშის გამოქვეყნების დღეს "სირცხვილის დღე" უწოდა. ბრიტანული მედია ამ ინციდენტს "ბრიტანული ჯანდაცვის ისტორიაში ყველაზე დიდ კატასტროფად" აფასებს. გამოძიება ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ შესაბამის უწყებას 2017 წელს დაავალა. ანგარიში 2527 გვერდს შეიცავს.

როგორც „გარდიანი“ წერს, ამ დროისთვის ხელისუფლების მიერ დაპირებული კომპენსაცია დაახლოებით ოთხი ათასმა დაზარალებულმა და დაღუპულთა პარტნიორმა მიიღო.

მსოფლიოში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს 1983 წლიდან აღნიშნავენ - ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ ინფექციით მცხოვრებ ადამიანებს და მათ ახლობლებს. წელს ეს დღე 19 მაისს აღინიშნა საქართველოშიც, სადაც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ცნობით, დღევანდლამდე რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7945 – მამაკაცი და 2663 – ქალი.

2263 პაციენტი გარდაიცვალა.
2024 წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 217 ახალი შემთხვევა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG