Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ოთხი ქვეყანა მოითხოვს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, თუ „აგენტების კანონს“ მიიღებენ - Financial Times


საქართველოში არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები მმართველი პარტიისგან სადავო კანონის გაწვევას მოითხოვენ.
საქართველოში არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები მმართველი პარტიისგან სადავო კანონის გაწვევას მოითხოვენ.

ევროკავშირის ოთხი ქვეყანა: ესტონეთი, ნიდერლანდი, ჩეხეთი და შვედეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება „აგენტების კანონს“ მიიღებს.

ინფორმაციას Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემზღუდავი ზომები, რომლებსაც ეს ქვეყნები მოითხოვენ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ევროპული ფონდებიდან გათვალისწინებული თანხების გაყინვას და მიზნობრივ სანქციებს მოიცავს. გაზეთის ცნობით, ინიციატორებს სანქციების საკითხის განხილვა მომავალ კვირაში სურთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

გადაწყვეტილება მიღებას ევროკავშირის ყველა, 27-ვე ქვეყნის, თანხმობა სჭირდება. მაგრამ Financial Times-ის ინფორმაციით, მინიმუმ ერთი ქვეყანა, უნგრეთი, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და მეტიც, ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწოდებს მსგავსი კანონის მიღებისკენ.

მანამდე ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უარი თქვას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, რომელსაც კრიტიკოსები უცხოური აგენტების შესახებ რეპრესიული რუსული კანონის ანალოგს უწოდებენ.

„იგი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როდესაც გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რაც საფუძვლად უდევს საქართველოს ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ ყველანაირ გზას“, - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეპ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაში.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონზე თავისი უარყოფითი დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, რომელიც "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით. კომისია მიიჩნევს, რომ დოკუმენტის "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით."

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.

ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს.

სადავო კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მის წინააღმდეგ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარებს.

ცნობილია, რომ 24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მარშია დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება და დემონსტრანტები სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG